ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, სასამართლო რეფორმაზე გადაწყვეტილებების მიღება რთული იქნება
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, სასამართლო რეფორმაზე გადაწყვეტილებების მიღება რთული იქნება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, სასამართლო რეფორმაზე გადაწყვეტილებების მიღება რთული იქნება.

როგორც ჟურნალისტებს იოსელიანმა განუცხადა, სასამართლოსთან დაკავშირებით ყველაზე მძიმედ მიდის სამუშაო ჯგუფის მუშაობა.

„რეალური ხელშესახები შედეგები ჯერ არ არის. ვნახოთ, ეს პროცესი როგორ დასრულდება, მაგრამ სხვა სამუშაო ჯგუფებთან შედარებით კონსენსუსის მიღწევა არც თუ ისე ადვილი იქნება, რადგან მმართველი გუნდის პოზიციები უკვე გამოკვეთილია. ვეცდები, რომ მმართველი პარტია მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაში დავარწმუნო, რომ ნდობა აღდგეს”, – განაცხადა იოსელიანმა.

პარლამენტში სასამართლო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის ფორმატში ამ წუთებში მსჯელობენ. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დაახლოებით 30 საკითხია იდენტიფიცირებული, რომელიც სამუშაო ჯგუფის წევრების მხრიდან არის დასმული. დღევანდელ შეხვედრაზე დისკუსიის საგანი იქნება, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებისა და გადაწყვეტილებების მიღების წესზე, ასევე მოსამართლეთა დაწინაურებისა და სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევაზე.