ლევან იოსელიანი - 2012 წლამდე უვადო პატიმრობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებში მტკიცებულების სტანდარტი არის მნიშვნელოვნად დაბალი, ჩვენი რეკომენდაციაა, გადაიხედოს ეს გადაწყვეტილებები
უვადო პატიმრობის მიმართ 2012 წლამდე გამოტანილ გადაწყვეტილებებში მტკიცებულების სტანდარტი არის მნიშვნელოვნად დაბალი, ჩვენი რეკომენდაციაა, გადაიხედოს ეს გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, სახალხო დამცველის აპარატმა 2012 წლამდე მიღებული ყველა გადაწყვეტილება შეისწავლა და ანგარიშს შესაბამის უწყებებს წარუდგენს.
„უვადო მსჯავრდებულების მიმართ არის ჩამოყალიბებული სტიგმა, ფაქტობრივად, ეს ჯგუფი გარიყული და იგნორირებული იყო ყველა რეფორმიდან, გადაწყვეტილებიდან, რომელიც სახელმწიფომ ბოლო 12 წლის მანძილზე მიიღო პატიმრების მიმართ. 2012 წელს როცა მოხდა ამნისტია, ყველა სასჯელს შეეხო, ნაწილი განახევრდა, ნაწილი მესამედით შემცირდა და ა.შ. ყველა მუხლს შეეხო, მათ შორის უვადო მსჯავრდებულებსაც, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ უვადო მსჯავდებულებისთვის სასჯელი ციფრში გამოხატული არ იყო, კანონით შეეხო და თან არ შეეხო. ანუ, უვადოს რომ ორი მესამედიც მოაკლო, მაინც რჩება უვადო, ამიტომ ვერ შეეხო. გააზრება როდესაც მოხდა, რომ ამ ადამიანების მიმართ იყო არასამართლიანი დამოკიდებულება, 2021 წელს ძალიან კარგი პროგრამა შეიმუშავა იუსტიციის სამინისტრომ, ვადამდე ადრე გათავისუფლების შესაძლებლობა გააჩინა. ორწლიანი სასწავლო პროგრამის გავლის შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულება აძლევს დადებით ან უარყოფით რეკომენდაციას. მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით 50-მდე მსჯავრდებულმა ეს პროგრამა დაასრულა და აქედან 20-ზე მეტმა მიმართა სასამართლოს, საუბარია მათზე, ვისაც 15 ან 20 წელი აქვთ მოხდილი, 15 წლის შემთხვევაში შეიძლება პატიმარს შეუმცირდეს სასჯელი, 20 წლის შემთხვევაში შეიძლება გათავისუფლდეს, სასამართლოს მიერ არცერთი განცხადება არ იქნა დაკმაყოფილებული.
ამ მსჯავრდებულების საქმეები როდესაც ვნახე, 2012 წლამდე მიღებულ გადაწყვეტილებებში დასაბუთებისა და მტკიცებულების სტანდარტი არის მნიშვნელოვნად დაბალი. ამიტომ ჩვენ 2012 წლამდე არსებული ყველა გადაწყვეტილება შევისწავლეთ. სულ მალე მექნება ამის პრეზენტაცია, შესაბამის უწყებებს წარვუდგენ ამ ანგარიშს, რომელიც უკვე გამოვაქვეყნე და დევს ჩვენს საიტზე. ამ ანგარიშის ფარგლებში დამატებით რეკომენდაციებს ვაძლევთ, რომ გადახედილი იქნეს ამ ადამიანების მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებები, ვინაიდან, მესმის, რომ მძიმე დანაშაულებებია ჩადენილი, მაგრამ დღეს ანალოგიური დანაშაული რომ ჩაედინათ ამ ადამიანებს, ალბათ უმეტეს შემთხვევაში სამუდამო მსჯავრი არ დადგებოდა“, – განაცხადა იოსელიანმა.
მისი თქმით, არის ერთ-ერთი საქმე, სადაც პატიმრის საქმე არის გამქრალი, დაკარგული და არ არსებობს.
„ასეთ შემთხვევასთანაც გვაქვს საქმე. ამიტომ, ვფიქრობ, ამას სჭირდება სისტემურად უფრო მეტი ყურადღების გამახვილება და ამ ადამიანების ბედით დაინტერესება. მესმის, რომ მათ ჩაიდინეს მძიმე დანაშაული, მაგრამ 18-19 წლისამ რომ ჩაიდინა მძიმე დანაშაული და დღეს რომ 45 წლის კაცია, რომელმაც მთელი ეს პერიოდი იცხოვრა, გაატარა დაწესებულებაში და არცერთი შენიშვნა არ აქვს მიღებული, ვფიქრობ, სახელმწიფო არ უნდა იყოს დაინტერესებული, სამაგიერო გადაუხადოს. სასჯელის მიზანი სამაგიეროს გადახდა არ არის. სასჯელის მიზანია, ადამიანი მოამზადოს, სამართლიანობა აღადგინოს, ის საფრთხე აღკვეთოს და შემდეგ რესოციალიზაცია მოახდინოს. ადამიანი თუ აღარ არის საფრთხის მატარებელი, მას ციხეში არაფერი აღარ ესაქმება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი ზოგადად სასჯელის და სასჯელი არ უნდა განვიხილოთ, როგორც სამაგიეროს გადახდა, რომელიც, თან, არასოდეს არ უნდა დასრულდეს. ყველა ნორმალურ ქვეყანაში, მათ შორის დასავლეთში არსებობს უვადო მსჯავრის გადახედვის მექანიზმები. ზოგადად, დადგენილია ვადა – 15, 20 წელი, როცა ავტომატურად ხდება გადახედვა და უამრავი შემთხვევაა, როდესაც სასამართლო ათავისუფლებს ხოლმე, თუ დადებითი დახასიათება აქვს და პენიტენციური დაწესებულება ამბობს, რომ ეს კაცი აღარ არის საფრთხის მატარებელი“, – განაცხადა იოსელიანმა.