ლევან გოგოჩაიშვილი - „ნაცმოძრაობასთან" კოალიციაში მყოფ პარტიებს განცდა აქვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი მშიერს არ დატოვებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის მოსაზრებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან” კოალიციაში მყოფ პოლიტიკურ პარტიებს განცდა აქვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი მშიერს არ დატოვებთ.
ჟურნალისტებთან საუბარში გოგიჩაიშვილი ლიეჟში გუშინ განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოში ოპოზიციური პარტიები სააკაშვილისგან „რაღაცის გადმოგდებას“ ელოდებიან, რადგან მას თანხები აქვს და პოლიტიკურ თამაშშია.
„პოლიტიკური პარტიები ფიქრობენ, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლოა, კოალიცია ჩამოყალიბდეს და რამე რომ იყოს, ის მათ მშიერს არ დატოვებს. გუშინ, ლიეჟში ძალის დემონსტირების მცდელობაც იყო. ემიგრაციაში მყოფი ადამიანების როგორი მხარდაჭერა აქვს სააკაშვილს, ვნახეთ, შეხვედრა ფიასკოთი დასრულდა. ნახევარი დარბაზიც ვერ შეივსო, ადგილზე აგრესიული მომხრეები ჰყავდა. სხვა ვინ იყო? ეს ის ადამიანები იყვნენ, ვინც საქართველოდან მას შემდეგ გაიქცნენ, რაც „ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა. ბევრი მათგანი მართლმსაჯულებას ემალება, ნაწილი გირაოთია გათავისუფლებული და ქვეყნიდან გაქცეულია. ეს ადამიანები გაზის შესხმაში გაწაფული არიან. როცა თანამემამულეს სახეში წიწაკის სპრეის შეასხამ, ეს იგივე ფსიქიკაა, რითაც სააკაშვილი ქვეყანას მართავდა. ვისაც სააკაშვილი ეიმედება, ეს უნდა დაინახოს. სააკაშვილი წარსულია და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგი აღარ განმეორდება”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.