ლევან გოგიჩაიშვილი - წარდგენილი მოსამართლეების დამტკიცებით, პირველი ოქტომბერი დამთავრდება
ლევან გოგიჩაიშვილი - წარდგენილი მოსამართლეების დამტკიცებით, პირველი ოქტომბერი დამთავრდება

საერთო სახალხო დაკვეთა იყო სამართლიანობის აღდგენა, კონკრეტული ადამიანების, დამნაშავეების დასჯა და არა შვიდი წლის თავზე კვერცხების სროლა და წყლის შესხმა, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით დაგეგმილ კენჭისყრაზე განაცხადა.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით,  წარდგენილ მოსამართლეთა დამტკიცებით, შინაარსობრივი თვალსაზრისით პირველი ოქტომბერი დამთავრდება.

„რა გადაწყვეტილებას ვიღებთ დღეს ჩვენ? ჩინჩალაძე, როგორც სასამართლო კლანის ლიდერი, არ ყოფილა საერთო სახალხო დაკვეთა. ადამიანებმა, რომლებმაც ფული მოიპარეს ამ ქვეყანაში, ადამიანებმა, რომლებმაც ჩვენი საზოგადოება დევნეს, ქონება წაართვეს, დღემდე იმ ფულით ამ ქვეყანაში შოულობენ ფულს, ხსნიან ტელევიზიებს, ძღებიან და იზრდებიან“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, წარდგენილ მოსამართლეთა მხარდაჭერით, ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ რეაბილიტაცია.

„დღეს ჩვენ ამ გადაწყვეტილებით მოვახდენთ სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ რეაბილიტაციას. „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ერთი ადამიანი, ეს არის პოლიტიკური სტანდარტი, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება და სახელმწიფო მოხელე.

დღეს ჩვენ მიქაუტაძის დაბრუნებით, უზენაეს სასამართლოში დავაბრუნეთ სააკაშვილი და ეს პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე აქვს „ქართულ ოცნებას“. დღეს თქვენ დაამთავრებთ ამ ქვეყანაში პირველ ოქტომბერს და გააგრძელებთ უშინაარსო ხელისუფლებაში ყოფნას, რომელიც იქნება დაცლილი ყოველგვარი მორალური და ზნეობრივი კრიტერიუმებისგან. შეიძლება ამ პროცესის შემოტრიალება, ვიდრე არ დააჭერთ თქვენ ამ ღილაკებს ხელს“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.