ლევან გოგიჩაიშვილი - უნდა ვეცადოთ, მოსამართლეობის კანდიდატების წარმოდგენილი სია ჩავარდეს, დღეს ჩვენი დემოკრატია ამ სიაზე გადის
ლევან გოგიჩაიშვილი - უნდა ვეცადოთ, მოსამართლეობის კანდიდატების წარმოდგენილი სია ჩავარდეს, დღეს ჩვენი დემოკრატია ამ სიაზე გადის

პროცესი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით პარლამენტში წარიმართა, იმ ბრძოლის მონაპოვარია, რომელსაც ჩვენ შარშან 10 კაციანი სიის ჩაგდებით მივაღწიეთ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ სურდა, მიხეილ ჩინჩალაძე უზენაესი სასამართლოს წევრი ყოფილიყო.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უნდოდა, ჩინჩალაძე ქურდულად უზენაესი სასამართლოს წევრი გაეხადა. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ინტერესში. ამ პროცესის მთავარი ორგანიზატორი ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც გადაიფორმა ადეიშვილისა და სააკაშვილის მემკვიდრეობა სასამართლოში და პროკურატურაში, ამ ძალიან ბინძური მოსამართლეების სახით. ამ ბინძურ მოსამართლეებს საკუთარი სახელები და გვარები აქვთ – ჩინჩალაძე, მურუსიძე, ალანია, ჯეირანაშვილი და ა.შ, რომლებიც წლების განმავლობაში სააკაშვილს უქმნიდნენ იმ სისხლიან რეჟიმს, სადაც ადამიანები იყვენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, ასევე ქონების ჩამორთმევის და სახელმწიფოს მხრიდან ძალიან ცუდი დამოკიდებულების მსხვერპლი. სამწუხაროდ, დღეს ბიძინა ივანიშვილმა ეს სისტემა გადაიბარა და ამის გასაღება უნდათ, როგორც რაღაც თანამედროვე, დამოუკიდებელი სასამართლოს. წარმოუდგენელია ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა იქ, სადაც არიან უბინძურესი მოსამართლეები – ჩინჩალაძე, მურუსიძე, რაღაც დაწყევლილი იუსტიციის უმაღლესი საბჭო და ყველა ის ადამიანი, რომლებიც წლების განმავლობაში უსიტყვოდ ემსახურებოდნენ ადეიშვილს“, – განაცხადა დეპუტატმა.

როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, არც ერთი კანდიდატის მხარდაჭერას არ აპირებს.

„სიაში ფარად ჰყავთ აფარებული ერთ-ორი გვარი, რომელსც არ დავასახელებ. მაინც ვფიქრობ, სირცხვილია, როდესაც ალანიასთან, გაბინაშვილთან და სხვა ადამიანებთან ერთად ხარ სიაში წარმოდგენილი. მე არავის მხარდაჭერას არ ვაპირებ. საზოგადოებას მოვუწოდებ, ძალიან სერიოზული მობილიზაცია მოვახდინოთ, რომ ძალიან სერიოზული ფასი გადაიხადოს „ქართულმა ოცნებამ“, თუ ისინი აპირებენ ამ ადამიანების უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებად გაყვანას“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისი თქმით, აუცილებელია საზოგადოების აზრის გაგება, რამდენად ემხრობიან ისინი უვადო მოსამართლეების ინსტიტუტის არსებობას.

„პროცესი უნდა დავიწყოთ და ადამიანებს ვკითხოთ, რამდენად ემხრობიან ამ ქვეყანაში უვადო მოსამართლეების არსებობის ინსტიტუტს. ამ მოსამართლეებმა უნდა იცოდნენ, რომ მთავარი საარჩევნო ხაზი გაივლის მათ წინააღმდეგ. მომავალი პარლამენტის ამოცანა უნდა იყოს, რომ თუ ეს მოსამართლეები აღმოჩნდებიან უზენაეს სასმართლოში, პარლამენტმა მათ წინააღმდეგ იმპიჩმენტი უნდა დაიწყოს 2020 წელს. დღეს თუ არ გვეყოფა ძალა, ეს ძალა უნდა ვნახოთ 2020 წელს. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ აღნიშნული სია ჩავარდეს, რადგან ეს ბოროტების სიაა, რეჟიმის და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული სიაა. ეს არის მცდელობა, ამ ქვეყანაში იგივენაირად დამყარდეს ერთმმართველობა, როგორც სააკაშვილს ჰქონდა იმ ცხრა წლის განმავლობაში. დღეს ჩვენი დემოკრატია გადის ამ სიაზე“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დღეს სრულდება.

დატოვე კომენტარი