ლევან გოგიჩაიშვილი - თუ ვიღაცას კონტრაქტი არასწორად აქვს გაფორმებული, სასამართლოში უჩივლეს და მოუგეს, მედიათავისუფლება რა შუაშია
ლევან გოგიჩაიშვილი - თუ ვიღაცას კონტრაქტი არასწორად აქვს გაფორმებული, სასამართლოში უჩივლეს და მოუგეს, მედიათავისუფლება რა შუაშია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, ქართული სახელმწიფო ბიზნსმენების მხრიდან შანტაჟს არ შეეგუება.

ჟურნალისტებთან საუბარში გოგიჩაიშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილმა ის განცხადებაა გააკეთა, რაც მთავრობის ხელმძღვანელს უნდა გაეკეთებინა.

„ქვეყანაში მედიისა და ბიზნესის თავისუფალი გარემო ჩვენი მონაპოვარია და ჩვენი მხრიდან პრობლემების შექმნა წარმოუდგენელია. სანამ დემოკრატია მყიფეა, ამის გარანტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაა. საქართველოს სახელმწიფო შანტაჟის იმ ფორმას არ დაუშვებს, რომ თუ რაღაც პრივილეგიას არ მომცემ, ან რაღაცაში არ დამეხმარები, გამოვალ და ამას და ამას ვილაპარაკებ. ეს გამორიცხულია. მინდა, ამ ადამიანებმა კარგად გაიაზრონ, რომ სახელმწიფო ამას არ და ვერ შეგუება”, – აცხადებს დეპუტატი.

ლევან გოგიჩაიშვილი ტელეკომპანია “იბერიის” განცხადებასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დეპუტატ ნატო ჩხეიძეს მსგავსი ფაქტების თაობაზე მათთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.

“ჩვენს კოლეგას ამ საკითხებზე საუბარი არ ჰქონია, მითუმეტეს, ერთი კომიტეტის წევრები ვართ. პრობლემა რომ ყოფილიყო, ჩვენთვის რაღაც დოზით უნდა გაეზიარებინა. ვინაიდან, ეს არ მომხდარა და ახლა განცხადებას აკეთებენ, რომ თავის დროზე ვიღაცას კონტრაქტი არასწორად აქვს გაფორმებული, პირობები აქვს დარღვეული, კომპანიამ სასამართლოში უჩივლეს და მოუგეს, აქ მედიათავისუფლება რა შუაშია? სახელმწიფო შანტაჟს არ შეეგუება და ეს პრინციპი დაცული იქნება არა მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების მიერ, არამედ მომავალი ხელისუფლებების. ბიზნესმენების ასეთ მოთხოვნას სახელმწიფო არ შეეგუება”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ჟურნალისტების სახელით სპეციალური განცხადება გუშინ გაავრცელა.

„ტელეკომპანია „იბერიას“ მთავარი დამფინანსებელი არის „ომეგა“ ჯგუფი და მასში შემავალი კომპანიები, რომელიც აღმოჩნდა სერიოზული ფინანსური დარტყმის ქვეშ. კომპანია „ომეგა“ დღესაც დემპინგის მსხვერპლია, რაც სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უჩენს ტელეკომპანია „იბერიას“ და არხზე მომუშავე ჟურნალისტები ვვარაუდობთ, რომ ეს ხდება მიზანმიმართულად, იმისთვის რომ ტელეკომპანიამ ვეღარ გააგრძელოს მაუწყებლობა თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკით.

ტელეკომპანია „იბერია“ არის ტელევიზია, რომელიც ყველა ხელისუფლების პირობებში ხდება მიუღებელი და დევნის ობიექტი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გამო. ჩვენ ჟურნალისტები მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღკვეთოს „ომეგა“ ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები“, – აღნიშნულია ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტების განცხადებაში.