ლევან გოგიჩაიშვილი - თუ აქვს უმრავლესობას გამბედაობა, ვთავაზობთ, გიორგი გახარია დამოუკიდებელ დეპუტატებს შეგვხვდეს
ლევან გოგიჩაიშვილი - თუ აქვს უმრავლესობას გამბედაობა, ვთავაზობთ, გიორგი გახარია დამოუკიდებელ დეპუტატებს შეგვხვდეს

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ითხოვს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია დამოუკიდებელ დეპუტატებს ცალკე შეხვდეს.

მისი თქმით, გიორგი გახარიამ 20 ივნისამდეც ბევრი შეცდომა დაუშვა.

„ვთავაზობ საპარლამენტო უმრავლესობას, თუ მათ აქვთ გამბედაობა და შეუძლიათ, ყველა კითხვას პასუხი გასცენ, დამოუკიდებელ დეპუტატებს შეხვდეს პრემიერობის კანდიდატი ფრაქციის ფორმატის პრინციპით, სადაც ჩვენ გვექნება საშუალება, შევხვდეთ რამდენიმე საათის განმავლობაში გიორგი გახარიას. ვფიქრობ, მას ჰქონდა პრობლემები 20 ივნისამდეც, რადგან ბევრი შეცდომა დაუშვა. თუ აქვს უმრავლესობას გამბედაობა, ჩვენ ვთავაზობთ, დამოუკიდებელ დეპუტატებს შეგხვდეს მათი ფალავანი“, – აღნიშნა დეპუტატმა.

მისი შეფასებით, თუ უმრავლესობა ამას არ დათანხმდა, მაშინ ისინი გაურბიან კრიტიკულ კითხვებს.

„მთელი პროცესი, რაც იქნება საპარლამენტო მოსმენის დროს, იქნება ტაშის გრიალი, ამხანაგური შეხვედრა, რომლებიც ვერ გამოდიან კომუნისტური რეჟიმიდან“, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა.