ლევან გოგიჩაიშვილი - რეალურად პარლამენტთან პროცესი მიჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“, რაც „ქართული ოცნებისთვისაც“ ხელსაყრელია
ლევან გოგიჩაიშვილი - რეალურად პარლამენტთან პროცესი მიჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“, რაც „ქართული ოცნებისთვისაც“ ხელსაყრელია

პარლამენტთან „ნაციონალურ მოძრაობას“ მიჰყავს პროცესი, თავის თავს ამხნევებენ, ოპოზიცია ვართო, მაგრამ რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ პროცესია, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შექმნილი ვითარება ხელსაყრელია „ქართული ოცნებისთვისაც“.

„ქართულმა ოცნებამ“ ხელოვნურად შექმნა ის პროცესი, რომ კიდევ ერთხელ დარჩეს ერთი-ერთზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რადგან მათი აქციებია პარლამენტთან, რასაც „ქართული ოცნება“ პასუხობს. არავის ეწყინოს, მაგრამ იქ პროცესი „ნაციონალურ მოძრაობას“ მიჰყავს. თავის თავს ამხნევებენ, რომ ოპოზიცია ვართო, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ პროცესია.

ეს პროცესი „ნაციონალურ მოძრაობასაც“ აწყობს და „ქართულ ოცნებასაც“, რადგან თუ ორპოლუსიანობა იქნება, ხმების დიდ წილს „ქართული ოცნება“ წაიღებს. რა ხმაც უნდა წავიდეს ოპოზიციაში, წავა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ,- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

აქედან გამომდინარე, გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ინტერესები ემთხვევა.

„შესაბამისად, მათი ინტერესები ემთხვევა. სხვა პარტიების ინტერესები არ უნდა დაემთხვეს, რომელთაც საარჩევნო სისტემის შეცვლა უნდათ. ორ გველეშაპთან ბრძოლაში უნდა შევძლოთ, რომ მათი ელექტორალური სიმძიმე შევამციროთ“ ,- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.