ლევან გოგიჩაიშვილი სლოტკლუბებში თამბაქოს მოწევის დაშვების წინააღმდეგია - ვითხოვ, დასახელდეს კონკრეტული გვარები, ვინ ლობირებს ამ საკითხს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი სლოტკლუბებში თამბაქოს მოწევის დაშვების წინააღმდეგია და კონკრეტული პირების დასახელებას მოითხოვს, რომლებიც მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხს ლობირებენ.

გოგიჩაიშვილმა ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების საკითხს განიხილავენ.

მისი თქმით, აღნიშნული იდეა წინააღმდეგობაშია პარლამენტში ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილ იდეასთან, რომელიც ახლო მომავალში დარეგისტრირდება.

„გთხოვთ მითხარით, მთავრობის რომელი წარმომადგენლის, რომელი უწყების ან ვისი პოზიციაა, რომ სლოტკლუბებში მოწევის დაშვების საკითხი არის ასეთ დონეზე აყვანილი. მინდა, გამოვეხმაურო თამბაქოს კონტროლის კანონში შესატანი ცვლილებების მონაკვეთს, რომელიც ეხება სლოტკლუბებში სიგარეტის მოწევის დაშვებას. არ ველოდი, რომ  ეს საკითხი დღის წესრიგში დადგებოდა. ეს იდეა აბსოლუტურად ეწინააღმდეგება იდეას, რომელიც ფინანსთა სამინისტროს აქვს პარლამენტში წარმოდგენილი და, რომელსაც უახლოეს მომავალში დავარეგისტრირებთ. არ ვიცი, რა არის ბიზნესომბუდსმენის პოზიცია. არ ვაფასებ მათ დადებითად ამ საკითხში, რადგან არ მესმის მათი პოზიციები აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. ეს იყო გიორგი კვირიკაშვილის პოზიცია და ეს არის მამუკა ბახტაძის პოზიციაც – ფილოსოფიის ცვლილება აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით. ზუსტად იმის გამო გვაქვს შენარჩუნებული ქვეყანაში ეს მომსახურება, რომ გაიზარდა უცხოელი ვიზიტორების შემოსვლა და ეს სერიოზულია კაპიტალი ეკონომიკისთვის“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მეორე საკითხი აზარტულ საქმიანობაზე შეზღუდვას ეხება.

„მეორე ცვლილება არის მაქსიმალური შეზღუდვა ჩვენი მოქალაქეების, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ აზარტულ საქმიანობაზე. აზარტულ საქმიანობას კი არ ვკრძალავთ, არამედ ბარიერებს ვაწესებთ იქამდე მისვლის. არ მინდა, იმ პარლამენტში ვიყო, რომლის მიმართაც ადამიანებს უჩნდებათ განცდა, თითქოს, რაღაც ლობიზმთან გვაქვს საქმე. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები და პრინციპულად მიუღებელია ამ საკითხის დაშვება. ეს ცდება ყველანაირ ფილოსოფიას. პრინციპულად შევეწინააღმდეგები ამას ნებისმიერი ფორმით“, – განაცხადა დეპუტატმა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ თამბაქოს მოწევის დაშვების გადაწყვეტილებით სლოტკლუბების საქმიანობა წახალისდება.

„ძალიან მიკვირს, რომ ბიზნეს ომბუდსმენი გადაფოფრილია ამ სეგმენტზე. გთხოვთ, ეს საკითხი დავხუროთ. ვითხოვ კონკრეტულ სახელებს და გვარებს, ვინ ლობირებს, რომ ეს საკითხი იყოს დაშვებული და რა არგუმენტაცია აქვთ. აღნიშნულ საკითხს ყურადღების მიღმა ვერ დავტოვებ. ღიად ვთქვათ, ვინ არის ამ ინიციატივის ავტორი. ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს და ამაზე თვალს ვერ დავხუჭავ. საკუთარ ლოგიკას ეწინააღმდეგებით. პატარა ობიექტში თუ რჩება აკრძალვა დიდში რატომ არ რჩება? ნუ აკეთებთ ამ საქმეს“, – განაცხადა დეპუტატმა კომიტეტის სხდომაზე და დეპუტატ აკაკი ზოიძეს მიმართა: „კაკი, ხელი გაუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი გაქვს“.

სხდომაზე ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, აკაკი ზოიძემ განმარტა, რატომ არ იქნა თავიდან შეყვანილი სლოტკლუბები გამონაკლისთა სიაში და რამ განაპირობა ცვლილება.

„არსებობს სამორინეში სლოტკლუბი, რომელშიც დაშვებულია მოწევა და არსებობს სლოტკლუბი, სადაც აკრძალულია, რადგან ისინი სამორინესთან ერთად არ არიან განთავსებული. ეს კი, თავისთავად გადინებას იწვევს. რატომ არ შევიყვანეთ სლოტკლუბები თავიდანვე – სალიცენზიო მოსაკრებელი იყო ძალიან მცირე. ამის გამო, ნებისმიერ რესტორანს შეეძლო დაედგა სათამაშო აპარატი და ეთქვა, რომ არის სლოტკლუბი. სამორინეს ვერ გახსნიდა, რადგან ხუთი მილიონი იყო სალიცენზიო მოსაკრებელი. ამაზე გვქონდა არაერთი შეხვედრა, მათ შორის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელთან, ბიზნესომბუდსმენთან, ლაშა ხუციშვილი გახლდათ, ირაკლი ლექვინაძე, ლევან კალანდაძე. სათამაშო ბიზნესის წერილია შემოსული, თანდართულია მათი მოსაზრებები, სასამართლოში ჩივილსაც აპირებენ კონკურენციის შეზღუდვის მუხლით. ვისაც ცალკე მდგომი სათამაშო სალონი აქვს, ის ხალხი აპირებს ამის გაკეთებას “, – განაცხადა ზოიძემ.

კამათის და აზრთა სხვადასხვაობის შემდეგ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა თამბაქოს შესახებ კანონპროექტს, იმ დათქმით, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდება.

სამორინეების მსგავსად, თამბაქოს მოხმარებაზე გამონაკლისი შესაძლოა, სლოტკლუბებზეც გავრცელდეს. შესაბამისი ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შედის.