თამბაქოს მოხმარებაზე გამონაკლისი შესაძლოა, სათამაშო აპარატების სალონზეც გავრცელდეს
თამბაქოს მოხმარებაზე გამონაკლისი შესაძლოა, სათამაშო აპარატების სალონზეც გავრცელდეს

სამორინეების მსგავსად, თამბაქოს მოხმარებაზე გამონაკლისი შესაძლოა, სათამაშო აპარატების სალონზეც გავრცელდეს. შესაბამისი ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტია.

კანონპროექტის განმარტებით, ბარათში აღნიშნულია, რომ საგამონაკლისო წესში მოექცევა სათამაშო აპარატების სალონი, რომლის მოწყობის ნებართვისთვის დადგენილია სანებართვო მოსაკრებელის განაკვეთი არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობით. მოქმედი კანონით, სათამაშო აპარატების სალონი თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის შემთხვევაში 500 ლარით ჯარიმდება, ცვლილებებით კი კონკრეტდება, რომ იურიდიული პირი ამ ქმედებისთვის აღარ დაჯარიმდება.

პირველ არხთან საუბარში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე განმარტავს, რომ საუბარია იმაზე, სამორინეებთან ერთად, გავრცელდეს თუ არა გამონაკლისი სათამაშო კლუბებზეც – „სლოტ კლუბებზე“. კერძოდ, მათზე, რომელთაც შესაბამისი ბარიერი და ლიცენზიის მაღალი საფასური აქვთ გადასახდელი.

„საუბარია იმაზე, რომ ცალკე მდგომი „სლოტ კლუბების“ შემთხვევაში მოწევა დაშვებული არ არის მაშინ, როცა სამორინეში არსებულ იმავე სათამაშო აპარატებთან მოწევა დაშვებულია. ბიზნეს ომბუდსმენის, სათამაშო ასოციაციისა და გარკვეულწილად ფინანსთა სამინისტროს მხრიდან მოსაზრება იყო, რომ ეს კონკურენციის დარღვევას წარმოადგენს და დეპუტატები ვიმსჯელებთ, გავუთანაბროთ თუ არა „სლოტ კლუბი“ სამორინეს გამონაკლისის თვალსაზრისით. ანუ, საუბარია იმაზე, „სლოტ კლუბი“ და სამორინე ერთი და იგივეა თუ არა. ზოგადად გეტყვით, რომ გამონაკლისი, რომელიც სამორინეებს ეხება, სისუსტეა, მაგრამ ამ ეტაპზე ამის დაშვება იმიტომ მოხდა, რომ ქვეყანას უცხოელები სტუმრობენ. ჩვენი სამორინეები კონკურენციას კვიპროსის სამორინეებს უწევენ და გამონაკლისიც ამიტომ იქნა დაშვებული. ამ გამონაკლისთა სიაში „სლოტ კლუბების“ შეყვანაზეა საუბარი“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.