ლევან გოგიჩაიშვილი - შალვა თადუმაძეს ჩამოყალიბებული ფასეულობათა სისტემა აქვს, კარგი ადამიანი და იურისტია
ლევან გოგიჩაიშვილი - შალვა თადუმაძეს ჩამოყალიბებული ფასეულობათა სისტემა აქვს, კარგი ადამიანი და იურისტია

უმრავლესობის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კონკრეტულ კანდიდატურებთან დაკავშირებით წინასწარი განხილვების მომხრე არ არის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებმაც დეპუტატს აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენილ მთავრობის ადმინისტრაციის უფროს შალვა თადუმაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით კითხეს.

ამასთან, გოგიჩაიშვილის შეფასებით, შალვა თადუმაძე მაღალი კლასის იურისტია.

„კონკრეტულად წინასწარ განხილვებს თავი უნდა დავანებოთ. რაც შეეხება შალვა თადუმაძეს, მას ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. თადუმაძე კარგი ადვოკატი იყო. როდესაც წინა ხელისუფლებაში პატიმრობაში ვყავდი, თადუმაძეს ხშირად ვხვდებოდი. პიროვნულად ძალიან დადებითად დავახასიათებ, მაღალი კლასის ადვოკატი იყო, კარგი იურისტია. შალვა თადუმაძეს ჩამოყალიბებული ფასეულობათა სისტემა აქვს და ძალიან კარგი ადამიანია“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას ამ საკითხზე, დეპუტატის თქმით, დღის წესრიგს კანონმდებლობა აწესებს და ყველაფერი პროცედურის მიხედვით წარიმართება.

მთავარი პროკურორის თანამდებობა ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგ ვაკანტურია. შოთაძემ თანამდებობა ხორავას ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულთა მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ დატოვა. ამ დროისთვის, კანონით გაწერილი წესის თანახმად, მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. საპროკურორო საბჭოში დღეისთვის ამ თანამდებობაზე 20 კანდიდატურაა წარდგენილი: პაატა შავაძე, ზურაბ ჯორბენაძე, გია ბერძენიძე, ნანა რევაზიშვილი, თამარ კერესელიძე, გრიგოლ გაგნიძე, იოსებ ბაჩიაშვილი, მაია ცაცანაშვილი, ჯემალ გახოკიძე, გიორგი შაშიაშვილი, ნინო გოგნიაშვილი, ედიშერ ფუტკარაძე, შალვა თადუმაძე, ირაკლი ნადარეიშვილი, შალვა შავგულიძე, ნონა ფილაური, ალექსანდრე კობაიძე, ლენა კაპანაძე, კოტე ჭილაია და ლევან ძნელაძე. კიდევ ერთმა კანდიდატმა, მთავარი პროკურორის მოქმედმა მოადგილე გიორგი გოგაძემ, საკუთარი კანდიდატურა 22 ივნისს მოხსნა.