ლევან გოგიჩაიშვილი - სატენდერო სისტემა ფუნდამენტურად უნდა გადაიხედოს
ლევან გოგიჩაიშვილი - სატენდერო სისტემა ფუნდამენტურად უნდა გადაიხედოს

საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია “ძლიერი საქართველოსთვის” აპირებს, დააყენოს საკითხი, რომ ქვეყანაში სატენდერო სისტემა ფუნდამენტურად გადაიხედოს.

როგორც პირველ არხს ფრაქციის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი ინციდენტი იმ სისტემის ბრალია, რომელიც ქვეყანაში ტენდერის ჩატარების წესებსა და პირობებს ეხება.

მისი თქმით, დღეს მოქმედი სისტემა იმის საშუალებას არ იძლევა, რომ ქვეყანა ასეთი პრობლემებისგან დაზღვეული იყოს.

„დღეს გადაწყვეტილების მიღება ფასით ხდება. შესაბამისად, დაბალი ფასი დაბალ ხარისხს ნიშნავს. მსგავსი მიდგომა ფუნდამენტურად შესაცვლელია, რადგან ტენდერში გამარჯვებულის გამოსავლენად მთავარი პრინციპი დაბალი ფასი არ უნდა იყოს.

დაბალი ფასის შედეგად დაბალი ხარისხის სამუშაოებს ვიღებთ, რომელიც პერსპექტივაში სახელმწიფოს უფრო მეტი დაუჯდება, ვიდრე ცოტა ძვირად გაკეთებული კარგი სამუშაო. სატენდერო სისტემა ფუნდამენტურად უნდა გადაიხედოს და ამ საკითხს აქტიურად დავაყენებთ. გარკვეულწილად ისეთი რეგულაციები უნდა ამოქმედდეს, როგორიც პასუხისმგებლობას გააჩენს როგორც ობიექტის ჩაბარების წესზე, ასევე მისი ექსპლუატაციის, მონიტორინგის, სანქციებისა და დასჯის რეგულაციებზე. რაც იყო საქართველოში, არ იმუშავა და ახალი ფილოსოფიაა შესაქმნელი.

სულზე რომ არ მიგვესწრო, იგივე დაემართებოდა იუსტიციის სახლს, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობასა და ყველა იმ შენობას, რომელიც ამ პრინციპით არის გაკეთებული. რატომ ხდება ისე, რომ ერთ წელში გაკეთებული ქუჩის რეაბილიტაცია ან სახლის შეკეთება ექვს თვეში ისევ თავიდან ხდება საჭირო? – ტენდერში ისეთი კომპანიები იმარჯვებენ, რომლებიც ფასებს შეგნებულად აგდებენ, მერე ფასს ვერ ერევიან, ახალ ტენდერს იგებენ, იქედან თანხა აქეთ გადმოაქვთ, უაზრო სქემებს ქმნიან და ეს პრობლემას ქმნის”, – აღნიშნავს დეპუტატი.

გოგიჩაიშვილი ფიქრობს, რომ პარლამენტში სამუშაო ჯგუფი უნდა გაკეთდეს, რომელიც მთავრობასთან ერთად ახალ ფილოსოფიას შეიმუშავებს, რომელიც ტენდერების საკითხს ახლებურად ჩამოაყალიბებს.

“წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეს ვარკეთილი იყო, ხვალ რაგბის მოედანი იქნება, ზეგ პეკინის განახლებული ქუჩა, მაზეგ – დოლიძე. ყველაფერი უხარისხო იქნება ვიდრე შემსრულებლის დაქირავებას დაბალი ფასი განაპირობებს”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.