ლევან გოგიჩაიშვილი - თქვენ გინდათ, დამოუკიდებელი სასამართლო შექმნან ადამიანებმა, რომლებიც სპეციალურად შეარჩია ადეიშვილმა, საუკეთესო უნამუსოებში ამოარჩია
ლევან გოგიჩაიშვილი - თქვენ გინდათ, დამოუკიდებელი სასამართლო შექმნან ადამიანებმა, რომლებიც სპეციალურად შეარჩია ადეიშვილმა, საუკეთესო უნამუსოებში ამოარჩია

სასამართლოს დამოუკიდებლობა ვერ წარმოგვიდგენია ​ჩინჩალაძეთი და გვრიტიშვილით, არ მუშაობს აქსიომა, რომ ცუდები იყვნენ და კარგები გახდნენ, – ამის შესახებ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის განხილვაზე განაცხადა.

„მოსამართლეებმა გაიხადეს მანტიები და თქვენს კოლეგებს დაუწყეს პირდაპირ ეთერში ლანძღვა. არც ერთხელ არ დაუჭერია პარლამენტს მხარი საკუთარი კოლეგებისთვის. მერე, რა მივიღეთ? მივიღეთ პროცესი, როდესაც შევთავაზეთ იუსტიციის საბჭოს, თუ გინდათ ნდობა გაიზარდოს თქვენს მიმართ, შეაჩერეთ უვადოდ დანიშვნის პროცესი. არ შეაჩერეს. არც ერთ თქვენგანს, ვინც დღეს ანტიკონსტიტუციურობაზე საუბრობთ, არ გამოგითქვამთ პრეტენზია, რომ ეს არ არის შესაბამისობაში კონსტიტუციასთან. უფრო მეტიც, თანხმობა იყო, რომ ამაზე გვემსჯელა. შემდეგ ჩვენ დავწერეთ კანონპროექტი და შემოგთავაზეთ განხილვა“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, არც ერთ ფორმატში არ მომხდარა ცხრა დეპუტატის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის განხილვა.

„დღეს გამოვიტანეთ პარლამენტის სესიაზე და ვფიქრობთ, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი იმ ჩიხური სიტუაციიდან, რომელშიც ნებსით თუ უნებლიეთ სასამართლოს ვაგდებთ. ვინ სვამს კითხვის ნიშანს, ხალხნო, ვინ სვამს კითხვის ნიშანს, რომ ჩვენ გვინდა სასამართლოს დამოუკიდებლობა. უბრალოდ ვერ წარმოგვიდგენია სასამართლოს დამოუკიდებლობა ჩინჩალაძეთი და გვრიტიშვილით. არ მუშაობს არც პოლიტიკურად, არც მორალურად, არც ზნეობრივად. არ მუშაობს ეს აქსიომა, რომ ცუდები იყვნენ და კარგები გახდნენ. არ გამოვა ასე. ასე არ შენდება სახელმწიფოები. სახელმწიფოები შენდება მორალზე და სიძლიერეზე, ადამიანების გამბედაობაზე, სიქველეზე, ერთმანეთის პატივისცემაზე“, – აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, მშიშარა, დამონებული ადამიანები ვერ აშენებენ სახელმწიფოებს.

„გინდათ, დამოუკიდებელი სასამართლო შექმნან ადამიანებმა, რომლებიც სპეციალურად შეარჩია ადეიშვილმა, საუკეთესო უნამუსოებში ამოარჩია. საუკეთესო უნამუსოები, რომლებიც ჰყავდა იმ რეჟიმს, აი, ამათგან გამოარჩია ეს ადამიანები. ყოფილი გამომძიებლები და პროკურორები, რომლებიც ყველაფერზე ხელს აწერდნენ, რომლებმაც ათი ათასობით ადამიანი გააუბედურეს, გახრწნეს, ცხოვრება დაუქციეს, ოჯახები დაუნგრიეს, ზოგი დახოცეს, ზოგი ციხეში 30 წლით გაუშვეს. თქვენ დღეს მეუბნებით, იმის გამო, რომ მე აქ, ხელისუფლებაში ვარ, რაც ამათ აკეთეს, ეს მისაღები იყოს ჩემთვის? ეს არ არის ჩემთვის მისაღები, რადგან ამ პრინციპით არ მოვსულვარ ხელისუფლებაში“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დატოვე კომენტარი