ლევან გოგიჩაიშვილი პრემიერისგან გიორგი ქობულიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების დასაბუთებასა და განმარტებებს ითხოვს
ლევან გოგიჩაიშვილი პრემიერისგან გიორგი ქობულიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების დასაბუთებასა და განმარტებებს ითხოვს

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასთან დაკავშირებით განმარტებებს, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისგან ითხოვს.

გოგიჩაიშვილი იმედს გამოთქვამს, ეკონომიკის მინისტრის შეცვლის საკითხზე მამუკა ბახტაძე საკანონმდებლო ორგანოში მივა და მისი გადაწყვეტილებას დაასაბუთებს.

„რის გამო გაუშვეს ეკონომიკის მინისტრი, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული განმარტებები, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრისგან, რადგან ეკონომიკაზეა ორიენტაცია, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მიმართულების განვითარებაა. დასადგენია, ვის ებლანდებოდა გიორგი ქობულია ფეხებში. ამ საკითხით ეკონომიკის კომიტეტი უნდა დაინტერესდეს და აუცილებლად, პრემიერ-მინისტრმა უნდა გააკეთოს ახსნა-განმარტება. ვიმედოვნებ, რომ მოვა პარლამენტში და ეკონომიკის კომიტეტზე დეპუტატებს დაუსაბუთებს ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა დეპუტატმა.

ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობას დღეს დატოვებს, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

გიორგი ქობულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად 2018 წლის ივლისში დაინიშნა.