ლევან გოგიჩაიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად თავისუფლებისთვის ბრძოლა არის ანომალია, მათთან ვერასოდეს დავდგები
ლევან გოგიჩაიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად თავისუფლებისთვის ბრძოლა არის ანომალია, მათთან ვერასოდეს დავდგები

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთი მახინჯი ჯოხის ორი ბოლოა.

როგორც ჟურნალისტებს გოგიჩაიშვილმა განუცხადა, „ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად ბრძოლა თავისუფლებისთვის არის ანომალია.

„გაერთიანებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ რამდენიც უნდა, იმდენი აქცია გამართოს, მაგრამ მსურს, სხდომათა დარბაზში შევიდე და ის დავაფიქსირო, რასაც ვფიქრობ. ეს არის ხელოვნურად პოლარიზებული, პოლიტიკური ხელოვნური ველი, რაც „ქართულ ოცნებას“ აწყობს, რომ ერთი ერთზე დარჩეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ეს ქვეყანა არ განვითარდეს. შეუძლიათ, თავისი პოზიცია გამოხატონ, მაგრამ ისეთი ფორმით, რომ პარლამენტის სხდომას ჩაშლიან, ჩემთვის მისაღები არ არის. ამ ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის“ არ შესაშვები დეპუტატები თუ არიან, ეს მათი პრობლემაა, ვინც „ნაციონალური მოძრაობა“ გაათავხედა“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, ყველას შეუძლია, თავისი პოზიცია გამოხატოს, თუმცა, ადამიანებს შენობაში შესვლაში ხელი არ უნდა შეეშალოთ.

„ქართულ ოცნებას“ პარლამენტის ტრიბუნიდან უნდა ვუთხრათ, ვინ არიან, რა არიან, როგორი არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. ეს არის საზოგადოების დაკვეთა და არა ის, ერთმანეთში როდის გაიყოფიან, როდის დაიშლებიან, როდის დადგებიან. თავისი პოზიცია გამოხატონ, მაგრამ ადამიანებს ხელს ნუ შეუშლიან შენობაში შესვლაში. თუ რამის თავი აქვთ, სხვა ფორმით გააპროტესტონ. მოწინააღმდეგე დეპუტატებს აქვთ ბიუროები, შეაწუხონ. არ შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად თავისუფლებისთვის ვიბრძოლო, მათთან ვერასოდეს დავდგები. ვინც დადგება, ეს მისი პრობლემაა. თავისუფლებისთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ბრძოლა  არის ანომალია“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.