ლევან გოგიჩაიშვილი - მეგონა, ისტორიას ჩავაბარეთ ადეიშვილის სტილი, როდესაც ეროვნული ბანკი და პროკურატურა უნისონში მუშაობდნენ
ლევან გოგიჩაიშვილი - მეგონა, ისტორიას ჩავაბარეთ ადეიშვილის სტილი, როდესაც ეროვნული ბანკი და პროკურატურა უნისონში მუშაობდნენ

მეგონა, ისტორიას ჩავაბარეთ ადეიშვილის სტილი, როდესაც ეროვნული ბანკი და პროკურატურა უნისონში მუშაობდნენ, უკან გვაბრუნებთ? – ამის შესახებ დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უსმენენ.

პარლამენტის წევრმა „თიბისი ბანკის” საქმესთან დაკავშირებით კითხვით მიმართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და სთხოვა განმარტება, თუ რა საფუძვლით დაიწყო 2008 წლის კონკრეტული ტრანზაქციების შემოწმება 10 წლის შემდეგ.

„ბატონო კობა, რა საფუძვლით დაიწყეთ 2008 წლის კონკრეტული ტრანზაქციების შემოწმება 2018 წელს? არის თუ არა სხვა ბანკებთან მიმართებაშიც ანალოგიური შემოწმება ჩატარებული და არის თუ არა პროკურატურის მხრიდან სხვა საქმეები ფულის გათეთრებით დაწყებული? ყველაზე მძიმე ამ შემთხვევაში, რაც ჩემთვის არის ამ ისტორიაში, არის რაღაც დეჟა-ვუ წარსულში დაბრუნების. მეგონა, რომ ჩვენ ისტორიას ჩავაბარეთ ადეიშვილის სტილი, როდესაც ეროვნული ბანკი და პროკურატურა უნისონში მუშაობდნენ, უკან გვაბრუნებთ? უბრალოდ მაინტერესებს. გქონდათ თუ არა, თქვენ რაიმე კონსულტაციები და შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან და იყო თუ არა თქვენ შორის კომუნიკაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით.

ჩვენთვის ასევე გახდა ცნობილი, რომ „თიბისი ბანკიდან” ხდება ადამიანების გათავისუფლებები, განსაკუთრებით იმ ადამიანების, რომლებიც ძალიან მაღალ თანამდებობებს იკავებენ „თიბისი ბანკში”, ასოცირებულები არიან და იგულისხმებიან დამფუძნებლის გუნდის წევრებად. ხდება თუ არა თქვენი მითითებით აღნიშნული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნის გაგზავნა ბანკში? ეს კითხვები არის ძალიან მნიშვნელოვანი.

თვლით თუ არა, რომ პროკურატურამ ამ საქმეს ზუსტად ის კვალიფიკაცია მისცა, რა ინფორმაციაც თქვენ მიაწოდეთ. თვლით თუ არა თქვენ პირადად, რომ ეს იყო ფულის გათეთრება”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა კობა გვენეტაძისადმი მიმართვისას.