ლევან გოგიჩაიშვილი - მამუკა ბახტაძის გადადგომა ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება
ლევან გოგიჩაიშვილი - მამუკა ბახტაძის გადადგომა ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება

მამუკა ბახტაძის გადადგომა ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი შესაძლო სამთავრობო ცვლილებებს.

დეპუტატის თქმით, მოქმედი პრემიერი საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვანად აფერხებს.

„სამთავრობო ცვლილებები პარტიის თავმჯდომარეზეა დამოკიდებული. პრემიერ-მინისტრი ადამიანებს არ უჩენს პოზიტიურ განწყობებს. კრიზისის დროს ხალხმა არ იცის, ვის დაელაპარაკოს. ბახტაძის ყოფნა პრემიერის თანამდებობაზე ქვეყნის ეკონომიკისთვის სერიოზული შეფერხებაა. ეს ადამიანი ვერ იღებს გადაწყვეტილებებს, კრიზისულ სიტუაციებში ის არ ჩანს და არის მატყუარა. ქვეყანას არ ჰყავს პრემიერ-მინისტრი და როდესაც პრემიერი არ ჰყავს, ადამიანების განწყობები შემცირებულია, რაც ხელს უშლის ჩვენს ეკონომიკას. ეკონომიკას სტაბილურობა, გადაწყვეტილებები და პროგნოზირება სჭირდება და ამის გარანტი ბახტაძე ნამდვილად არ არის. შესაბამისად, ბახტაძის გადაყენება ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება“, – აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი.

ლევან გოგიჩაიშვილი ასევე ეხმაურება გავრცელებულ მოსაზრებას, რომ მამუკა ბახტაძეს პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია შეცვლის. დეპუტატის თქმით, რამდენად ექნება მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ისეთ ადამიანს, რომელიც რამდენიმე წლის წინ რუსეთის მოქალაქე იყო, უცნობია. ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, გიორგი გახარიასთვის ეს ფაქტი შესაძლოა, ხელის შემშლელი აღმოჩნდეს.