ლევან გოგიჩაიშვილი - კონგრესმენის წერილი ქვეყნის იმიჯს ვერ დააზიანებს
ლევან გოგიჩაიშვილი - კონგრესმენის წერილი ქვეყნის იმიჯს ვერ დააზიანებს

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ კონგრესმენის წერილი ქვეყნის იმიჯს ვერ დააზიანებს. ასე გამოეხმაურა ლევან გოგიჩაიშვილი ამერიკელი კონგრესმენების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილს, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება „დაპირებულ პოლიტიკურ რეფორმებზე უარის თქმისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის შესახებ ცნობებთან“ დაკავშირებით.

„ბუნებრივია, კონგრესმენის წერილი ქვეყნის იმიჯს ვერ დააზიანებს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფო და სამშობლო უფრო მეტია, ვიდრე ერთი კონკრეტული ადამიანი და საჯაროდ ნათქვამი ტყუილი. პირველი შოკი მივიღეთ, როცა 14 ნოემბერს სიტყვა გატყდა, რასაც თავისი რეაქცია და სიმძიმე ჰქონდა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ამოცანა იყო მშვიდობიანად მივსულიყავით 2020 წლამდე და არჩევნები ჩატარებულიყო. სამწუხარო რეალობა დადგა, ამიტომ ამ პროცესში მონაწილეობის მიღება, არჩევნებზე გასვლა და „ქართული ოცნებისთვის“ პრობლემების შექმნა მოგვიწევს, რომელიც თავისი პოლიტიკური სტანდარტით „ნაციონალურ მოძრაობას“ ემსგავსება. პლანეტაზე უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე ერთი კონგრესმენია. ჩვენი პრობლემა ჩვენი მოსაგვარებელია. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთი რეალობის წინაშე არ დავდგეთ. ის, რაც ჩვენ გვაწუხებს, ამ საკითხებით ჩვენი სხვა მეგობრებიც არ შეწუხდნენ“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.