ლევან გოგიჩაიშვილი - ხალხმა მხარი დაგვიჭირა და გვითხრა, ცუდი ბიჭები რომ ყოფილიყავით, ხმას არ მოგცემდითო, შესაბამისად, კარგი ბიჭები ვართ
ლევან გოგიჩაიშვილი - ხალხმა მხარი დაგვიჭირა და გვითხრა, ცუდი ბიჭები რომ ყოფილიყავით, ხმას არ მოგცემდითო, შესაბამისად, კარგი ბიჭები ვართ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, human rights watch-ის ანგარიშში საქართველოს შესახებ საგანგაშო არაფერი წერია.

როგორც პირველ არხს გოგიჩაიშვილმა განუცხადა, კვლევა ზოგადია, რადგან ორგანიზაცია ანგარიშს მხოლოდ საქართველოზე არ აკეთებს და ის მთელ მსოფლიოს ეხება.

„ამ ანგარიშში საგანგაშო არაფერია. ეს ორგანიზაცია ძალიან მაქსიმალისტია და ხშირშემთხვევაში იმ ქვეყანასაც აკრიტიკებს, რომელსაც წარმოადგენს და სადაც მთავარი ოფისია. მთავარია, ჩვენ რას ვაკეთებთ. სახელმწიფოს რეაქცია აქვს ნებისმიერ სამართალდარღვევაზე, ეს იქნება მედიით გაჟღერებული ინფორმაცია თუ ის, რომელიც შეტყობინების სახით არის შესული. უამრავი ადამიანი და მათ შორის სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლები პასუხისგებაში მივეცით, ანუ სახელმწიფოს რეაქცია აქვს.

მთავარია, ამბებს ერთ ყურში არ ვუშვებთ და მეორე ყურიდან არ ვატარებთ. ასევე ხელს იმ ადამიანებს არ ვაფარებთ, რომლებიც სავარაუდო დანაშაულებს სჩადიან. ამ თვალსაზრისით, ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა. რეფორმები იქით არის მიმართული, რომ პროცესები კიდევ უფრო დაიხვეწოს. შესაბამისად, კარგია, როცა ჩვენი მეგობრები სხვადასხვა მიმართულებით გვეხმარებიან.

რაც შეეხება საკონტიტუციო პროცესს, ეს საკითხი ამ ორგანიზაციის ბუნებას ცდება, რადგან ეს პოლიტიკური საკითხია და ცოტა სუბიექტური მომენტები ჩანს. საკონსტიტუციო პროცესი ცუდად რომ ჩაგვეტარებინა, მაშინ თვითმმართველობის არჩევნებზე ეს შედეგები ვერ დადგებოდა. ამ პროცესების ყველაზე კარგი შემფასებელი ამომრჩეველია.

ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა დაიხუროს, რადგან ხალხმა მხარი დაგვიჭირა და გვითხრა, თქვენ ცუდი ბიჭები რომ ყოფილიყავით, ხმას არ მოგცემდითო. ხმა მოგვცეს, შესაბამისად, კარგი ბიჭები ვართ”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.