ლევან გოგიჩაიშვილი - გვაქვს რესურსი, გუნდის წევრები დავარწმუნოთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა წარდგენილი სია ცუდია
ლევან გოგიჩაიშვილი - გვაქვს რესურსი, გუნდის წევრები დავარწმუნოთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა წარდგენილი სია ცუდია

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოს მომავალი და გავაგრძელებთ ყველას დარწმუნებას, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ წარდგენილი კანდიდატურები პარლამენტში ვერ გავიდნენ, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მიმართ სრული ნდობა უნდა იყოს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სასამართლოს მომავალი. გავაგრძელებთ ყველას დარწმუნებას, რომ ეს ადამიანები ამ პარლამენტში ვერ გავიდნენ, მიხეილ ჩინჩალაძე ამ პარლამენტის მეშვეობით ვერ გახდეს მოსამართლე და ეს პარლამენტი არ იყოს  ინსტრუმენტი, ჯალათები უზენაესი სასამართლოს წევრები გახდნენ. ამიტომ პროცესს განვაგრძობთ. მე მაქვს მანდატი, რომელიც მძიმეა, რომელიც დღითიდღე პასუხისმგებლობებით გრძელდება და ვაპირებ ამ პასუხისმგებლობის ბოლომდე გატარებას. დანარჩენი ინტერპრეტაცია მნიშვნელოვანი არ არის. მნიშვნელოვანია პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა მივიღოთ უზენაესი სასამართლოს ისეთი წევრები, რომელთა მიმართაც იქნება 100 პროცენტიანი ნდობა. ვაპირებ გავყვე ამ პროცესს. დანარჩენი შიდა სამზარეულოა“, – განაცხადა დეპუტატმა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ საკუთარ თავს გუნდში, გოგიჩაიშვილი პასუხობს, რომ ხედავს.

„ეს არ არის ისეთი განცხადება, რომლითაც მე რაღაცები უნდა დავინახო. წყალგამყოფი არის კენჭისყრა – პარლამენტი დაუჭერს თუ არა მხარს ჩინჩალაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ კენჭისყრას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და არის წყალგამყოფი. ვფიქრობ, გვაქვს რესურსი, გუნდის წევრები დავარწმუნოთ, რომ ეს არის ცუდი სია, რომ ჩინჩალაძე არის ცუდი წარსულის ადამიანი“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა და აღნიშნა, რომ სია პარლამენტიდან გაწვეული უნდა იყოს.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა.