ლევან გოგიჩაიშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, დავარტყათ ტრენდს და მოდას, რომ აზარტული თამაშები კარგია
ლევან გოგიჩაიშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, დავარტყათ ტრენდს და მოდას, რომ აზარტული თამაშები კარგია

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებით კანონპროექტი მოამზადა, რომელიც სფეროს რეგულაციებს მოიცავს.

გოგიჩაიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ კანონპროექტს დღეს დაარეგისტრირებს.

„კანონპროექტი გულისხმობს იმგვარ რეგულაციებს, რომელიც 2-3 წლის პერსპექტივაში დაახლოებით 69 პროცენტამდე შეამცირებს მომხმარებელთა რიცხვს. ასევე, გაზრდის შემოსულობებს საქართველოს ბიუჯეტში და სახელმწიფოს მისცემს საშუალებას, ეს ძალიან მძიმე მოცემულობა აკონტროლოს, რასაც აზარტულ და მომგებიან თამაშებზე ჩვენი მოქალაქეების დამოკიდებულება ჰქვია. სახელმწიფო პრობლემას ხედავს, მაგრამ შეგნებულად არ აგვარებს. განსაკუთრებით, ის ადამიანები ვისაც ხელეწიფება ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიღება, ხელს ითბობენ აღნიშნული ბიზნესისგან. დღეს რომ ეს კანონმდებლობა მიღებული არ არის, რომელიც წელიწად-ნახევარია, თაროზე დევს, უშუალოდ იბლოკება ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მხრიდან. უჩა მამაცაშვილი, ვახტანგ გომელაური, რომელსაც ამ ბიზნესის ზედამხედველობა ჩაბარებული აქვს, არიან ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, აღნიშნული ბიზნესიდან კონკრეტული სარგებელი მიიღონ. ეს ბიზნესი ჩვენს ქვეყანაში ბოლომდე თეთრი არ არის. ეს ბიზნესი შავი ფულის ერთ-ერთი მთავარი სამრეცხაოა“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისი თქმით, ხელახლა არეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც მთავრობამ წელიწად-ნახევრის წინ დაარეგისტრირა და თაროზეა შემოდებული.

„რას გულისხმობს ეს კანონპროექტი – პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ასაკობრივი ცენზის დაწესება 25 წლამდე, მოთამაშეთა ერთიანი რეესტრის შექმნა, რომელიც გამორიცხავს არასრულწლოვნების და იმ ასაკის ადამიანების ლეგალურად ჩართულობას ამ სერვისის მოხმარებაში, რომლებიც საქართველოში იქნებიან დარეგისტრირებულნი. ასევე, დამოკიდებულ პირთა რეესტრის შექმნა“, – აღნიშნავს გოგიჩაიშვილი.

​ამასთან, მისი თქმით, კანონმდებლობაში შემოდის ცვლილებები, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას.

„ჩვენ ადგილობრივ თვითმმართველობებს მივმართავთ, რომ მოსაკრებლები გაზარდონ. ეს არის ნებართვების და ლიცენზიების მოსაკრებლების გაორმაგება. მიმართვაა ფინანსთა მინისტრზე, რომ ბრუნვა შვიდი პროცენტიდან მინიმუმ ცხრა პროცენტამდე გაიზარდოს. გაორმაგდება ყველა სანქცია. დაიხვეწება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დასჯის და აღსრულების მექანიზმები. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სახელმწიფოს ექნება ჩამოყალიბებული პოლიტიკა, რა რის შემდგომ უნდა განახორციელოს.

ძალიან მნიშვნელოვანია, პირდაპირი მნიშვნელობით, დავარტყათ ტრენდს და მოდას, რომ თამაში არის კარგი. თამაში არის ძალიან ცუდი, დამოკიდებულებას იწვევს და სახელმწიფო ვალდებულია თავის მოქალაქეებს დაეხმაროს. სახელმწიფომ უნდა დაამყაროს კონტროლი აღნიშნულ ბიზნესზე“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დატოვე კომენტარი