ლევან გოგიჩაიშვილი - ჩინჩალაძის მხარდასაჭერად ზარდიაშვილი გეყოლება, კობახიძე, ღარიბაშვილი თუ რემბო, ფაქტობრივი მნიშვნელობა არ აქვს
ჩინჩალაძის მხარდასაჭერად ზარდიაშვილი გეყოლება, კობახიძე, ღარიბაშვილი თუ რემბო, ფაქტობრივი მნიშვნელობა არ აქვს, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებები.
„ვფიქრობ, დავალებულმა გზავნილებმა გუშინ არ იმუშავა. გუშინდელი გამოსვლა იყო კიდევ უფრო გამყოფი, ვიდრე გამაერთიანებელი. ზუსტად მაგ ლოგიკას გავემიჯნეთ, რომ ადრე იყვნენ ცუდები და დღეს არიან კარგები და რომ შესაძლებელია, ყოფილი დამნაშავეებით საქართველოს მომავალი შეიქმნას. ვფიქრობ, სპორტშიც ასეა, როცა დიდი ხანი გიზის ადამიანი სათადარიგო სკამზე და შემდეგ შეგყავს მოედანზე, ის ვერ ეწყობა თამაშს.
გუშინდელი გამოსვლა იყო ძალიან სუსტი და აბსოლუტურად არ პასუხობდა იმ კითხვებს, რომლებიც არის საზოგადოებაში. ის პასუხობდა იმ გზავნილებს, რომელიც ჩინჩალაძის მხარდასაჭერი გზავნილები იყო, ახლა ჩინჩალაძის მხარდასაჭერად ვინ გეყოლება, ზარდიაშვილი, კობახიძე, ღარიბაშვილი თუ რემბო, ფაქტობრივი მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანურად გეუბნებით, გუშინდელი ეთერი არა საჩემოდ, საიმისოდაც გულდასაწყვეტი იყო“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ რაც მოსამართლეების საკითხზე ხდება, არის ორკესტრირებული დესტრუქციული, ოპოზიციური პარტიისა და მათი რამდენიმე სატელიტი არასამთავრობოს მიერ.