ირაკლი ღარიბაშვილი - რაც მოსამართლეების საკითხზე ხდება, არის ორკესტრირებული დესტრუქციული, ოპოზიციური პარტიისა და მათი რამდენიმე სატელიტი არასამთავრობოს მიერ
ირაკლი ღარიბაშვილი - რაც მოსამართლეების საკითხზე ხდება, არის ორკესტრირებული დესტრუქციული, ოპოზიციური პარტიისა და მათი რამდენიმე სატელიტი არასამთავრობოს მიერ

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ბედავს, ლაპარაკობს სასამართლოზე, პროცესი კი, რომელიც დღეს მიმდინარეობს, არის გზა სასამართლო სისტემის საბოლოო დამოუკიდებლობამდე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ღირებულებები, რომლებმაც „ქართული ოცნება“ გააერთიანა,  არსად წასულა.

“ჩვენ ვართ ერთგული იმ ღირებულებების, რითაც მოვედით ხელისუფლებაში. იდეალური სისტემა არ არსებობს. იდეალური ხელისუფლება, მმართველი არ არსებობს და არც იარსებებს. ჩემი პოზიცია რა არის, გულწრფელად მინდა თქვენი ეთერით მივმართო ჩვენი გუნდიდან წასულებს, ჩემთვის ძალიან მძიმე საყურებელია პროცესები, რაც განვითარდა. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში დალაგდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა გუნდის კონსოლიდაცია გაძლიერება, გუნდის დალაგება და სიტუაციის დაწყნარება. ძალიან აუხსნელია ჩემთვის ეკა ბესელიას ქმედებები. ისეთი განცდა დამრჩა, რომ მთლად თავისუფალი არ არის, ან რაღაცაშია პრობლემა. მე გიზიარებთ ჩემს განცდებს. აღარ მაქვს კომუნიკაცია ეკასთან, დღეს მქონდა მიმოწერა. მომწერა, რომ მიესალმება ჩემს მობრუნებას. მაქვს განცდა, რომ ეკა ბესელია შეიძლება იყოს ვიღაცის იარაღი. როდესაც აყენებ მოთხოვნას, რომ გინდა იდეალური იყოს ყველაფერი, არ იქნება იდეალური, არც ერთი მთავრობა და პარტია არ იქნება იდეალური“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, პარტიაში მიმდინარე პროცესები პარტიაში უნდა დარჩეს, არ შეიძლება პარტიაში განხილული თემები გამოიტანო გარეთ და შენი მტრის წისქვილზე დაასხა წყალი.

„ეკა ბესელია ბოლომდე ძალიან ერთგულად იდგა ჩვენი გუნდის სადარაჯოზე. ჩემთვის მტკივნეულია პროცესი, რაც დაიწყო. ძალიან გული დამწყდა, რომ ასე განვითარდა პროცესები. ეს არ არის ტრაგედია ჩვენი პარტიისთვის, ჩვენ გვაქვს სხვა გეგმები, რომელსაც ძალიან მალე იხილავთ. „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ბედავს და სასამართლოზე ლაპარაკობს. საუბრობენ, თითქოს ვინმეს კუთვნილებაშია სასამართლო. პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს, ეს არის გზა სასამართლო სისტემის საბოლოო დამოუკიდებლობამდე. ამას სჭირდება დრო. 100 საქმიდან, თუ ორ-სამ საქმეს დამისახელებთ, რომ აქ პრობლემა გაქვს, მაშინ ძალიან მაგარი მთავრობა ყოფილა ამ მიმართულებით. ნუთუ ჩვენს ოპონენტებს არ ახსოვთ, რა მდგომარეობაში იყო ხალხი, 300 ათასი პრობაციონერი და მთელი სისტემა რაც იყო შემქნილი. სასამართლო საერთოდ არ არსებობდა, ეს იყო ნოტარიული დაწესებულება. დღეს გადახედეთ სტატისტიკას, გამამართლებელ-გამამტყუნებელ გადაწყვეტილებებს, ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი, თუმცა მე არ ვამბობ, რომ ყველაფერი არის იდეალური, მაგრამ ჩვენი მივდივართ წინ და პროგრესი არის ხელშესახები. თუ რომელიმე მოსამართლეზე იქნება კითხვები, ჩემი პოზიციაა ასეთი –  კეთილი უნდა ინებოს ყველამ, ვინც არ უნდა იყოს, საზოგადოებას აუხსნან ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ეს არის ორკესტრირებული, დესტრუქციული ოპოზიციური პარტიის მიერ, მათი რამდენიმე სატელიტი არასამთავრობოების მიერ და ვიღაც სუბიექტების ჩართულობა იკვეთება ამ პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, 2013 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფელირებული არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ მოთხოვდნენ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას, დღეს იგივე ადამიანები აპროტესტებენ ამას.

„საქმე გვაქვს იმასთან, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი შტო ჩამოშალონ და ქაოსი შეიტანონ ამ სისტემაში. ეს ყველაფერი მიდის ერთი მიზნისაკენ, რომ დაასუსტონ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.