ლევან გოგიჩაიშვილი - აუდიტის სამსახურმა საკუთარ ანგარიშზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს
ლევან გოგიჩაიშვილი - აუდიტის სამსახურმა საკუთარ ანგარიშზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის საკითხმა საზოგადოებაში პანიკა გამოიწვია და ამ შფოთვის შექმნაზე პასუხისმგებლობა ვიღაცამ უნდა აიღოს.

როგორც პირველ არხს გოგიჩაიშვილმა განუცხადა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური გააქტიურდა, რაც ამ ინსტიტუტის გამართულად მუშაობისთვის მისასალმებელია, მაგრამ რაც მოხდა, არაორდინალურია.

„ანგარიშს აქვეყნებენ და შემდეგ უკან იხევენ და ისეთ საკითხს ეხებიან, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს საკითხი ბავშვებსა და ოჯახებს ეხება, რამაც პანიკა გამოიწვია. ისეთი დაბალი ვაქცინაციის კულტურის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ამ განცხადებამ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაგდო.

ვისაც პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონდა, ვაქცინის მიმართ ნეგატიური განწყობა გაუჩნდათ. ეს ძალიან მძიმე საკითხია, რადგან თუ განცხადებას აკეთებ, მაშინ განცხადების სისწორე ბოლომდე უნდა დაიცვა და თუ უკან იხევ, მაშინ გამოდის, რომ ვიღაცას რაღაც შეცდომა მოუვიდა. იმ ადამიანების მხრიდან პასუხისმგებლობის აღება გვჭირდება, ვინც ეს გააკეთა და დღის წესრიგში მათი კომპეტენციის ან თანამდებობრივი საკითხი უნდა დადგეს, რადგან თუ შეცდომა გაქვს დაშვებული, მაშინ კეთილი უნდა ინებო და პასუხი აგო.

აუდიტის სამსახურმა საკუთარ ანგარიშზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. როცა პასუხისმგებლობას საჯაროდ აიღებს, დავინახავთ, შეცდომის დაშვება ვისი მხრიდან მოხდა. ეს საკითხი ადამიანებს ეხება და ამ შფოთვის შექმნაზე პასუხისმგებლობა ვიღაცამ უნდა აიღოს. მას შემდეგ, რაც აუდიტის სამსახური განცხადებას გააკეთებს, ვნახავთ, საქმე რასთან გვქონდა. შეიძლება, აუდიტის სამსახური არაფერ შუაშია და სხვების პასუხისმგებლობაა დასაყენებელი”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

აუდიტის სამსახურის აუდიტორული საქმიანობის 2018 წლის გეგმის თანახმად, საქართველოში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 29 222 დოზა ვაქცინა გაიხარჯა.

მოგვიანებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განცხადება გაავრცელა,  რომელშიც აღნიშნულია, რომ ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამას, მათ შორის  ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინიის ნაწილში.

ამ საკითხზე ბრიფინგი გამართა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, რომელმაც უარყო გავრცელებული ინფორმაცია და აღნიშნა, რომ საქართველოში ყველა ვაქცინა არის მაღალი ხარისხის და საზოგადოებას მოუწოდა, ნუ აიცრუებენ გულს ვაქცინაციაზე.

მოგვიანებით, აუდიტის სამსახურმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ  წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებებისა და არგუმენტების საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ადასტურებს, რომ ცოფის საწინააღმდეგო  ვაქცინა  ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.