ლევან გოგიჩაიშვილი - ადამიანს გეტირება, ისეთ დღეშია სასამართლო სისტემა
ლევან გოგიჩაიშვილი - ადამიანს გეტირება, ისეთ დღეშია სასამართლო სისტემა

სამწუხაროდ, ჩვენი სასამართლო სისტემა უბედურებად იქცა, ადამიანს გეტირება, ისეთ დღეშია სასამართლო სისტემა, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებთან შეხვედრამდე განაცხადა.

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ამბობენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ნაწილს განცხადებები ხარვეზით აქვთ შედგენილი, რომელიც, დეპუტატის განცხადებით, ე.წ. ასპარეზობიდან კანდიდატის ავტომატურად გამოთიშვას იწვევეს.

როგორც გოგიჩაიშვილი ამბობს, ასეთია მაგალითად იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.

„ასევე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები ამბობენ, რომ ადგილი აქვს ნეპოტიზმს, როცა სიძემ მხარი ცოლისძმას დაუჭირა. სამწუხაროდ, ჩვენი სასამართლო სისტემა უბედურებად იქცა. ადამიანს გეტირება, ისეთ დღეშია სასამართლო სისტემა და ისეთი ადამიანები უნდათ, რომ უვადო მოსამართლეებად გაიყვანონ. ესენი არიან კლანის წევრები არიან, თავის დროზე ბინძური საქმეები აქვთ ნაკეთები, ადეიშვილის გაზრდილები არიან. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის შინაარსობრივი განსხვავება მართვის სტილში აღარ არის, განსხვავებაა აგრესიის დონეში. ის იყო მოძულე ხელისუფლება, ეს ხელისუფლება კი ისეთია, რომ ყველაფერს გააკეთებს, მოგატყუებს, ფეხს დაგიდებს, სხვა სტილით, მაგრამ ავტორიტარული მისწარაფებებით“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, კობა ნარჩემაშვილი და ბიძინა გეგიძე საკანონმდებლო ორგანოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლეწევრებთან, ნაზი ჯანეზაშვილთან და ანა დოლიძესთან შეხვედრას მართავენ.

შეხვედრის მთავარი საკითხი მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებია.