ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს
ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ წარდგენის შემთხვევაში გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.

მისი თქმით, დიდი ალბათობით საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანდიდატს დაამტკიცებს.

დეპუტატს კოლეგებთანაც აქვს კითხვა, რატომ შეიცვალეს დამოკიდებულება შოთაძის მიმართ, როცა მის გადადგომას მხარს უჭერდნენ.

„მახსოვს დღე, როდესაც ჩვენ ვიყავით ქუთაისში, უმრავლესობის შეხვედრა ჩატარდა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში და დღეს ეს ადამიანები უმრავლესობიდან, რომლებიც ერთმანეთს ასწრებენ შოთაძის ქებას, იყვნენ იმის მომხრე, რომ ის სასწრაფოდ გადამდგარიყო. შოთაძე თავისით კი არ გადამდგარა, ეს იყო საპარლამენტო უმრავლესობის გზავნილი მაშინდელი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ამას მხარს უჭერდა თალაკვაძე, მდინარაძე, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე, ვოლსკი. რამდენიმე ადამიანი, ვინც მხარს არ უჭერდა, იყვნენ სხვა დეპუტატები, რომელთა დიდი ნაწილი დღეს არ არის უმრავლესობაში. შოთაძე გადააყენა მაშინდელმა საპარლამენტო უმრავლესობამ. გვახსოვს მათი ფეისბუქ-პოსტებიც კი, რომლებიც მოუწოდებდნენ შოთაძეს, გადამდგარიყო. უმრავლესობის აღქმაში შოთაძე იყო პროკურორი, რომელიც არ ასრულებდა თავის ვალდებულებას, ის იყო წარმომადგენელი იმ კორუმპირებული ლიდერშიფის, რომელიც დღეს არის „ქართულ ოცნებაში“, არაფორმარული ეკონომიკური მაგიდის წარმომადგენელი იყო, მსხვილი ბიზნესის ინტერესების დამცველი, რომელიც არის ივანიშვილის კონტროლს ქვეშ. შესაბამისად, შოთაძის დაბრუნება შედის როგორც ბიძინა ივანიშვილის ინტერესში, ასევე უჩა მამაცაშვილის და იმ ბიზნესმენების ინტერესში, რომლებმაც მოახდინეს ყველაფრის მიტაცება და არიან დაინტერესებულნი, რომ შოთაძე, როგორც კარგი შემსრულებელი, დააბრუნონ გენერალურ პროკურორად“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მისი თქმით, მწვავე კითხვებს დაუსვამს ირაკლი შოთაძეს და შეეცდება, საზოგადოებას დაანახოს, რას წარმოადგენს ის.

„არა თუ მხარს არ დავუჭერ, ძალიან მძიმე ფასი უნდა გადავახდევინოთ შოთაძეს პარლამენტში მოსვლისას. გამოვიყენებთ ყველა მექანიზმის, რასაც ვიყენებდით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წინაშე. ჩვენი ამოცანა არის, საპარლამენტო ტრიბუნა გამოვიყენოთ, რომ მძიმე ფასი გადაიხადოს. მას მოუწევს კითხვაზე პასუხის გაცემა სამართლიანობასთან მიმართებაში, როგორ დადის ისეთ შეხვედრებზე, სადაც ბიზნესმენები ერთმანეთთან ურთიერთობას არკვევენ. რა უნდა შოთაძეს ასეთ შეხვედრებზე? ეს არის კორუმპირებული ლიდერების წარმომადგენელი. შესაბამისად, მისი ფასი ჩვენი საზოგადოებისთვის არის ნული“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

დატოვე კომენტარი