ლევან გოგიჩაიშვილი - თუ სახალხო დამცველი ტოლობის ნიშანს დასვამს მოქმედ და ახალაიას პენიტენციურ სისტემებს შორის, გამოდის, რომ ის პოლიტიკურად მიკერძოებულია
ლევან გოგიჩაიშვილი - თუ სახალხო დამცველი ტოლობის ნიშანს დასვამს მოქმედ და ახალაიას პენიტენციურ სისტემებს შორის, გამოდის, რომ ის პოლიტიკურად მიკერძოებულია

სახალხო დამცველმა უნდა განმარტოს, კრიმინალურ სუბკულტურაზე აწმყოში ლაპარაკობს, თუ მიღებულ მემკვიდრეობაზეა საუბარი, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა სახალხო დამცველის ჩატარებული მონიტორინგის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, მზად არის სახალხო დამცველს ფრაქციის დრო დაუთმოს, რათა მისგან კონკრეტულ კითხვებზე მოისმინოს არგუმენტირებული პასუხი.

„სახალხო დამცველმა უნდა გამიჯნოს და ზუსტად თქვას, ეს რა არის. ახლა შეიქმნა თუ უწყვეტ რეჟიმშია კრიმინალური სუბკულტურა. სახალხო დამცველმა ზუსტი განმარტებები უნდა გააკეთოს და ამ მდგომარეობიდან გამოსავალი უნდა შემოგვთავაზოს. სახალხო დამცველს დიდი სიამოვნებით დავუთმობდით საპარლამენტო ფრაქციის დროს, რათა მისგან ამ საკითხებზე მსჯელობა მოგვესმინა. თუ ის რისკებს ხედავს და ამ სუბკულტურას ადმინისტრაცია რაღაცნაირად იყენებს სხვა ადამინების წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, შექმნილი სიტუაცია. სახალხო დამცველი აწმყოში ლაპარაკობს თუ მიღებულ მემკვიდრეობაზე საუბრობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეიძლება გამოყენებული იყოს მაგალითად „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.

მე ვარ იმის მომსწრე, როგორ იყენებდნენ ამ სუბკულტურას ჩვენს წინააღმდეგაც, მათ შორის, იმ ადამიანებს ვისაც გვინდოდა გვესაუბრა ხმამაღლა რა ხდებოდა ციხეებში. თუ სახალხო დამცველი ტოლობის ნიშანს დასვამს ამ პენიტენციალურ სისტემასა და ახალაიას პენიტენციალურ სისტემას შორის, მიუხედავად ჩემი კრიტიკული დამოკიდებულებისა ხელისუფლების მიმართ, მაშინ გამოდის, რომ სახალხო დამცველი ამ ქვეყნად არ არის, არაადეკვატურია და მართლა პოლიტიკურად მიკერძოებულია. ის აღარ არის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ის სახალხო დამცველია“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.