ლევან გოფოძე - ვფიქრობ, თუ გამოჩნდება ვაქცინა, საქართველოშიც მალე შემოაღწევს, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ პერსპექტივაა
ლევან გოფოძე - ვფიქრობ, თუ გამოჩნდება ვაქცინა, საქართველოშიც მალე შემოაღწევს, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ პერსპექტივაა

ითვლება, რომ დაახლოებით ერთი წელი სჭირდება ვაქცინის შექმნას, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებთან კორონავირუსის ვაქცინის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კლინიკის დირექტორმა აღნიშნა, დასავლურ მედიაშიც კი საკითხზე მხოლოდ ვარაუდებია გამოთქმული.

„უცხოურ მედიაში ძალიან თავშეკავებულად ამბობენ, რომ სექტემბერში კორონავირუსის ვაქცინა იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გაგვიხარდება. ითვლება, რომ დაახლოებით ერთი წელი სჭირდება ვაქცინის შექმნას. ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორის ჩართვას ვუსმინე, რომელიც ამბობს, რომ თუ წლის ბოლოს იქნება, კარგია. მაგრამ ახლა გაჩნდა ახალი პერსპექტივა, რომ უფრო ადრე იყოს, რაც ადრე იქნება მით უკეთესია“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

​რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მსოფლიოში კორონავირუსის ვაქცინა გამოჩნდება, საქართველოშ ის მალე შემოვა.

„კითხვაზე, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება საქართველოსთვის ვაქცინა, დამოკიდებულია, თუ რომელ ქვეყანაში დამზადდება, ასევე რა წარმადობა ექნება. მოგეხსენებათ, რიგი ძალიან დიდია. აქ ძალიან ბევრს გადაწყვეტს ასევე პირადი ურთიერთობები, პირადი კონტაქტები, რაც ჩვენს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს არ აკლია მსოფლიოს წამყვან ეპიდემიოლოგებთან.

ვფიქრობ, თუ გამოჩნდება ვაქცინა, საქართველოშიც მალე შემოაღწევს ის. ყოველ შემთხვევაში იმედი ვიქონიოთ, მაგრამ ეს ჯერჯერობით მხოლოდ პერსპექტივაა და რეალობასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის ვარაუდი“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.