ლევან გოფოძე ვარაუდობს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეს ექვსი პაციენტი დატოვებს, რომლებისთვისაც საკარანტინო ვადა ამოიწურა
ლევან გოფოძე ვარაუდობს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეს ექვსი პაციენტი დატოვებს, რომლებისთვისაც საკარანტინო ვადა ამოიწურა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, ამჟამად კლინიკაში დაკვირვების ქვეშ 37 ადამიანი იმყოფება.

გოფოძის თქმით, მათი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამასთან, გოფოძის განმარტებით, დაკვირვების ქვეშ მყოფი რვა პაციენტის შემთხვევაში ტესტირება განმეორებით ჩატარდა, თუმცა არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და უმრავლესობა კლინიკას დღეს დატოვებს.

„ვიცოდით, რომ უარყოფითი ჰქონდათ, მაგრამ ჩვენი დაკვირვების ქვეშ მყოფ რვა ადამიანს გუშინ გაუკეთდა რეტესტირება, რათა დაგვედგინა, არიან თუ არა კორონავირუსის მატარებლები. ჩვენთან დაკვირვების ყოფნის პერიოდში ზოგიერთს გამოეხატა ტემპერატურული რეაქცია და ამიტომ ჩატარდა რეტესტირება. რეტესტირების რეჟიმში გუშინ ღამევე მივიღეთ პასუხები, რომ აქვთ ნეგატიური ტესტი და მათგან უმრავლესობა დღეს კლინიკას დატოვებს. ამით დამთავრდა საკარანტინო ვადა ამ პიროვნებებისთვის. რაც შეეხება დანარჩენებს, კვლავ დაკირვების ქვეშ რჩებიან და როგორც კი დაკვირვების ვადა ამოიწურება, მათაც გავათავისუფლებთ. დღეს ვფიქრობთ, რომ რვა ადამიანიდან ექვსი მაინც დატოვებს კლინიკას“ ,- განაცხადა ლევან გოფოძემ.

რაც შეეხება ისანში მყოფ 39 მოქალაქეს, რომლებიც ასევე დაკვირვების ქვეშ არიან და სამედიცინო მომსახურებას რესპუბლიკური საავადმყოფო უწევს, გოფოძე ამბობს, რომ ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„დილას ტემპერატურა არც ერთ პაციენტს აღენიშნებდა. უბრალოდ რამდენიმეს აქვს სახსრის, ზოგს წელის, თავის ტკივილი. ასეთი დისკომფორტი, ბუნებრივია, როდესაც იზოლაციაში იმყოფები, შეიძლება, ისედაც გქონდეს“ ,- განაცხადა ლევან გოფოძემ.

გოფოძე აღნიშნავს, რომ რესპულიკური საავადმყოფო პაციენტების მისაღებად მზადაა.

მისი განმარტებით, კლინიკას დაახლოებით 45 პაციენტის მიღება შეუძლია.

„გვაქვს რამდენიმე იზოლირებული ბოქსიც, მაგრამ ძირითადად დაიტვირთება ისეთ შემთვევაში, თუ მივიღებთ მძიმე პაციენტებს, რომლებსაც მართვითი სუნთქვა დასჭირდებათ, ასევე სერიოზული მონიტორიგი. ასეთ შემთვევაში უკვე რეანიმაცია, ჩვენი კრიტიკული მედიცინის განყოფილება, რომელიც მომზადებულია, დაიტვირთება. მზად ვართ ასეთი პაციენტების მისაღებად, თუმცა მინდა ვისურვო, რომ ასეთი პაციენტები არ მოხვდნენ არც ერთ საავადმყოფოში“ ,- განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა.

რაც შეეხება იმას, თუ რა მედიკამენტებით მიმდინარეობს პაციენტების მკურნალობა, გოფოძე ამბობს, რომ სპეციალიზირებული მედიკამენტი არ არსებობს.

„ვმკურნალობთ იმ გართულებებს, რომელსაც ვირუსი გამოიწვევს, ვთქვათ რაც ყველაზე ხშირი და მძიმე გართულებით გამოირჩევა ეს ვირუსი, არის ფილტვების ანთება. ჩვენთან ასეთი პაციენტები თუ მოხვდებიან, მათ ჩავუტარებთ უკვე მკურნალობას, რომელიც მიმართულია ამ გართულებების სალიკვიდაციოდ. სიკვდილიანობის ყველაზე დიდი პროცენტი გამოწვეული იყო ასაკოვან პიროვნებებში, თანმხლები დაავადებებით, ზუსტად გართულებებით, როგორიც არის პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა“ ,- განცხადა ლევან გოფოძემ.

რაც შეეხება არსებულ ინფორმაციას, რომ კორონავირუსის შემთხვევაში ხდება იმ მედიკამენტების გამოყენება, რომლითაც ებოლას მკურნალობდნენ, გოფოძე აცხადებს, რომ ასეთი მოსაზრება გამოითქვა, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მისი გამოყენების რეკომენდაცია არ გაუცია.

„იყო გამოყენების მცდელობა, თუმცა შემდგომში სამედიცინო საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ არ მუშაობს ის ისე მიზანმიმართულად, როგორც ებოლაზე“ ,- აღნიშნა ლევან გოფოძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევაა დადასტურებული.