ლევან გოფოძე - რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი უცვლელია, მძიმეა ერთი პაციენტის მდგომარეობა
ლევან გოფოძე - რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი უცვლელია, მძიმეა ერთი პაციენტის მდგომარეობა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი უცვლელია, სულ კი კლინიკაში 43 ინფიცირებული მკურნალობს, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მძიმეა ინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც გოფოძე ამბობს, პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში დადასტურებული დიაგნოზით გუშინ ბოლნისიდან გადაიყვანეს.

დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, დამაკმაყოფილებელია.

როგორც მან, სატელეფონო საუბრისას, საქართველოს პირველ არხს განუცხადა, კლინიკა დაახლოებით 18 ტესტის პასუხს ელოდება, მათ შორისაა, როგორც ინფიცირებულთა რეტესტირების, ასევე „კოვიდ-19“-ზე საეჭვო პაციენტების ტესტის პასუხები.

„ჩვენთან ამჟამად არის 61 პაციენტი, აქედან კოვიდ დადასტურებული გვყავს 43. მათ შორის ერთი გუშინ გადმოიყვანეს ბოლნისიდან, მართვით სუნთქვაზე, მძიმე პაციენტი. გაუჭირდათ ცოტა მართვა ჩვენს კოლეგებს და ჩვენთან გადმოიყვანეს. დანარჩენი ყველა პაციენტის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დადებითია. ორი პაციენტი გუშინ გავუშვით. დღეს კიდევ ველოდებით რეტესტირების შედეგებს. ტესტირების პასუხს ველოდებით დაახლოებით 18-ს, ამაში შედის რეტესტირებებიც“,- განაცხადა ლევან გოფოძემ.