ლევან გოფოძე - რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ ჩატარებული ექვსი ტესტიდან, მათ შორის მარნეულიდან შემოყვანილი პაციენტის პასუხი უარყოფითია
ლევან გოფოძე - რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ ჩატარებული ექვსი ტესტიდან, მათ შორის მარნეულიდან შემოყვანილი პაციენტის პასუხი უარყოფითია

მარნეულიდან შეყვანილი პაციენტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კლინიკის დირექტორის თქმით, გუშინ ჩატარდა კიდევ ხუთი ტესტი კორონავირუსზე და ყველა მათგანზე პასუხი ნეგატიურია.

„დღეისათვის, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 47 პაციენტი. მათგან ერთი გუშინ, გამთენიისას გადმოიყვანეს მარნეულიდან. ეს პაციენტი არის რეანიმაციის განყოფილებაში. მას დადგენილი აქვს ორმხრივი პნევმონია, სეპტიური მდგომარეობა, თირკმლის უკმარისობა, რიგი თანმხლები დაავადებებით. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილურია. გუშინ გაკეთდა ტესტირება და ნეგატიურია კორონავირუსზე. მიმდინარეობს მკურნალობა, პაციენტის მდგომარეობა ერთი დღის განმავლობაში გაუმჯობესდა და ვფიქრობთ, თავი უნდა გავართვათ ამ მძიმე მდგომარეობას. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს რამდენიმე გაეწერება ჩვეულებისამებრ. ჩვენთან მოძრაობა პაციენტების საკმაოდ ინტენსიურად ხდება. გუშინ კიდევ ხუთი ანალიზი გაკეთდა, ყველა ნეგატიურია“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

კლინიკის დირექტორის თქმით, დღეს ლუგარის ლაბორატორიას კიდევ ხუთი პაციენტის ანალიზი გაუგზავნეს.

„დღეს ხუთი ტესტი ავიღეთ და ხვალ დილით გვექნება ინფორმაცია. მოგეხსენებათ, ჩვენების მიხედვით ვიღებთ ტესტებს. ლუგარის ლაბორატორია შემდეგ თვითონ ამოწმებს ჩვენ მიერ გადაცემულს ანალიზებს, ყველას არ აძლევს ხოლმე რეკომენდაციას, რომ გაუკეთდეს ტესტირება. ჩვენი ვალია, ამ პაციენტის მონაცემები გადავცეთ, მერე მოდის ეპიდემიოლოგი ლუგარის ლაბორატორიასთან ერთად, აფასებენ პაციენტს და ისე იღებენ ანალიზს. იცოდნენ ადამიანებმა, რომლებიც მომართავენ უბრალოდ ტესტირებისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რომ ჯერჯერობით ასეთი ტესტირება ჩვენს კლინიკაში არ წარმოებს“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

​ლევან გოფოძის თქმით, როდესაც დაიწყება ქვეყანაში სწრაფი ტესტირება, რესპუბლიკური საავადმყოფო შეიცვლის სტატუსს იმ თვალსაზრისით, რომ კლინიკა მიიღებს პაციენტებს, რომლებსაც მიიყვანს სასწრაფო დახმარების მანქანა.

„ესენი იქნებიან ადამიანები, დატვირთული ეპიდანამნეზით და მაღალი ცხელებით ან სხვა სიმპტომებით, რაც ახასიათებს კორონავირუსს. მათ ჩვენ ყველას დავატრიაჟებთ, რამდენიც უნდა იყოს და შესაბამისად, შემდგომში მომზადებულ კლინიკებში გადავიყვანთ. ვისაც ექნება კორონავირუსზე დადებითი ტესტი, ის წავა განსაზღვრულ სტაციონარებში, ვისაც არა – ის სხვაგან“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.