ლევან გოფოძე - რესპუბლიკურ საავადმყოფოში 38 კოვიდინფიცირებული პაციენტია, აქედან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ლევან გოფოძე - რესპუბლიკურ საავადმყოფოში 38 კოვიდინფიცირებული პაციენტია, აქედან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება

რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი უკვე სამი დღეა არ მიუღია.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა, დადებითი ტენდენცია შეინიშნება „კოვიდ-19“-სგან გამოჯანმრთელებულებთან მიმართებაშიც. მისივე ინფორმაციით, დღეს კლინიკიდან ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება.

ლევან გოფოძის ინფორმაციით, კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს 38 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

პაციენტის მდგომარეობას მისი ასაკი და მწვავე პნევმონიაც ართულებს. კლინიკის ექიმები “კოვიდ 19″-ზე კიდევ 8 პაციენტის ტესტის პასუხს ელოდებიან.

„ამჟამად 64 პაციენტია დაკვირვების ქვეშ. აქედან კოვიდინფიცირებული არის 38. დღეს კიდევ ერთი გაჯანმრთელებული დატოვებს კლინიკას. პაციენტების მდგომარეობას რაც შეეხება, ერთი ინფიცირებული პაციენტი მართვით სუნთქვაზე, კრიტიკულ მდგომარეობაში გვყავს. დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია მეტ-ნაკლები სირთულით. ხუთ პაციენტს პნევმონია აქვს დადასტურებული და ვმკურნალობთ, თუმცა სუნთქვის პარამეტრები მოშლილი არ აქვთ, მართვით სუნთქვას არ საჭიროებენ. ზოგიერთ მათგანს ჟანგბადის მხარდაჭერაც არ სჭირდება. დღეს კიდევ რვა პაციენტი გაიტესტა ჩვენთან კლინიკაში. რეტესტირება ჩაუტარდება კიდევ ხუთ პაციენტს. აქედან სამს აქვს მეორადი რეტესტი“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა კომენტარი გააკეთა იმ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, რომელიც „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნითაა მიღებული. გოფოძე ამბობს, რომ რეკომენდაციების გათვალისწინება საჭირო იქნება, ვიდრე ქვეყანაში ვირუსის გავრცელების საფრთხე იარსებებს.

„რეკომენდაციები არ შეიცვლება, მე ვფიქრობ, ვიდრე არსებობს ინფექციის გავრცელების საფრთხე. დარჩება რეკომენდაცია, რომ მაქსიმალურად ვიყოთ დისტანცირებულები ერთმანეთისგან და მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში თუ გვაქვს ამის საშუალება. ქვეყანა რომ უბრუნდება ჩვეული ცხოვრების რიტმის, ეს კარგია და ყველანი ამას ველოდებით, რომ ოდესმე ისევ ჩვეულად ვიცხოვრებთ“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.