ლევან გოფოძე  - ქვეყანაში კორონავირუსის მართვა უნდა ხდებოდეს ექიმებისა და ისეთი სპეციალისტების გადაწყვეტილებით, როგორიც თუნდაც თენგიზ ცერცვაძეა
ლევან გოფოძე - ქვეყანაში კორონავირუსის მართვა უნდა ხდებოდეს ექიმებისა და ისეთი სპეციალისტების გადაწყვეტილებით, როგორიც თუნდაც თენგიზ ცერცვაძეა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, ის კოვიდ-19-ის მკურნალობის პროტოკოლთან დაკავშირებულ კრიტიკას არ ეთანხმება.

„სიმართლე რომ გითხრათ, საზოგადოების კრიტიკას არ ვეთანხმები, რადგან, მოგეხსენებათ, კოვიდ-19-ის მართვა ხდება კლინიკური ჯგუფის მიერ, რომელიც დეტალურად გადის ყველა პროტოკოლს, მკურნალობისა თუ დიაგნოსტიკის პროტოკოლებს და ამის მიხედვით ხდება მისი დადგენა. ასე რომ, ეს სუფთა სამედიცინო საკითხია და, მე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ამ დაავადების მართვა უნდა ხდებოდეს ექიმებისა და ისეთი სპეციალისტების გადაწყვეტილებით, როგორიც თუნდაც ბატონი თენგიზ ცერცვაძეა“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

ამასთან, გოფოძის განმარტებით, უსიმპტომო პაციენტებს პლაქვენილით არ მკურნალობენ, არამედ მათ აკვირდებიან.

„უსიმპტომო პაციენტებს პლაქვენილით არ ვმკურნალობთ. უსიმპტომო პაციენტებს ძორითადად აკვირდებიან და მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობას უტარებენ. უსიმპტომო პაციენტებში პლაქვენილის ასე ფართოდ გამოყენება არ ხდება და არც უნდა ხდებოდეს, ამ მოსაზრებას ვეთანხმები“, – აღნიშნა ლევან გოფოძემ.

შეგახსენებთ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ  განაცხადა,  რომ 17 აპრილს ზურაბ გურულმა, რომელიც საექიმო საქმიანობას აშშ-ში ეწევა, გამოაქვეყნა პოსტი, სადაც კრიტიკულად მოიხსენია საქართველოში მოქმედი კოვიდ-19-ის მკურნალობის პროტოკოლი და განსაკუთრებით პრეპარატ პლაქვენილის გამოყენება.