ლევან გოფოძე - კორონავირუსით გარდაცვლილი 23-ე პაციენტი 65 წლამდე იყო, ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები და დიაბეტი
ლევან გოფოძე - კორონავირუსით გარდაცვლილი 23-ე პაციენტი 65 წლამდე იყო, ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები და დიაბეტი

კორონავირუსით გარდაცვლილი 23-ე პაციენტი 65 წლამდე იყო, ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები და დიაბეტი, – ამის შესახებ „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.

ექიმის ინფორმაციით, გარდაცვლილის მდგომარეობა თავიდანვე უკიდურესად მძიმე იყო.

„გარდაცვლილი მამაკაცი იყო 60 წელს გადაცილებული. ეს პაციენტი ჩვენთან სხვა კლინიკიდან გადმოიყვანეს. დაახლოებით, 15 დღე მკურნალობდა. მისი მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, რადგან იყო დისტრეს სინდრომი, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. პაციენტთან განვითარდა მიოკარდიუმის ინფარქტი. გარკვეული პერიოდი გამოსწორდა მდგომარეობა, მაგრამ ისევ რეინფარქტი მოხდა. ორჯერ ავამუშავეთ გული გაჩერების შემდეგ, მაგრამ მესამეჯერ ეს ვეღარ მოხერხდა. მისი მდგომარეობა დაამძიმა იმან, რომ ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, დიაბეტი“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ლევან გოფოძემ.

ამასთან, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი 23-ე პაციენტი ცენტრალური ხელისუფლების არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო გადმოყვანილი.