ლევან გოფოძე - ბევრი სერიოზული მეცნიერი ამბობს, რომ არსებული ვაქცინები „ომიკრონის“ წინააღმდეგ კარგად მუშაობს
ლევან გოფოძე - ბევრი სერიოზული მეცნიერი ამბობს, რომ არსებული ვაქცინები „ომიკრონის“ წინააღმდეგ კარგად მუშაობს

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, კორონავირუსთან ეფექტურად საბრძოლველად ვაქცინაციის გააქტიურება აუცილებელია.

მისივე თქმით, იმუნიზაციის პროცესის გააქტიურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ომიკრონის“ სახელწოდებით ცნობილი ვირუსის ახალი შტამის გამოჩენის შემდეგ. ლევან გოფოძის ინფორმაციით, მეცნიერები ამბობენ, რომ არსებული ვაქცინები „ომიკრონის“ წინააღმდეგაც ეფექტურია.

„ფაქტი ერთია, რომ აუცილებელია ვაქცინაციის პროცესის გაგრძელება. მისი ინტენსიფიკაცია არის ერთადერთი საშუალება ამ მძიმე დაავადებისგან თავის დასაცავად. მით უმეტეს ძალიან ბევრი სერიოზული მეცნიერი ამბობს, რომ „ომიკრონის“ წინააღმდეგ ვაქცინა კარგად მუშაობს. მოგეხსენებათ, თავდაპირველად არსებობდა ეჭვი, რომ არ ემუშავა ვაქცინას მუტაციის გამო, რადგან სტრუქტურა შეიცვალაო. საბედნიეროდ, ამ ეტაპზე რა ვაქცინაც გვაქვს, კარგად მუშაობს, ამიტომაც უნდა გავაგრძელოთ ვაქცინაციის ინტენსიური პროცესი. ეს ღონისძიებები იქნება კომპლექსური, ანუ ყველა ღონისძიება, რომელიც მიმართულია საერთოდ ვაქცინაციის სტიმულაციისაკენ, უნდა გაგრძელდეს, იქნება ეს სხვადასხვა ფორმით წახალისება, მოთხოვნების გამკაცრება, იგივე მწვანე პასპორტი და ასე შემდეგ“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ პანდემიის დროს ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს. ამ მხრივ მან ყურადღება გაამახვილა სამედიცინო საზოგადოებაზე.

„აუცილებელია, რომ ყველა ადამიანს გაცნობიერებული ჰქონდეს და ბევრი ვიმუშაოთ ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, სამედიცინო საზოგადოებამ, მათ შორის თქვენც, რათა დავარწმუნოთ ჩვენი თანამოქალაქეები, რომ ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს. ამას სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს“, – აღნიშნა გოფოძემ.

ლევან გოფოძემ ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზის სარგებელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კვლევის პროცესში თანდათან გამოჩნდება ნაბიჯები, რაც მოქალაქეების ვირუსისგან სრულყოფილად დასაცავად აუცილებელი იქნება.

„ბუსტერი არის ვაქცინაციის კიდევ ერთი ეტაპი, სხვა განსაკუთრებული რამ არ არის, ეს არის ვაქცინაციის პროცესის ბოლომდე მიყვანა. კვლევის პროცესში თანდათან გამოჩნდება რაღაც ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელი იქნება, რათა სრულყოფილად მოხდეს ჩვენი თანამოქალაქეების დაცვა ამ ვირუსისაგან. ამიტომაც ბუსტერის დოზა, რომელიც რეკომენდებულია და რომელიც დამტკიცდა, რომ იმუნიტეტს ამყარებს, პირადად მე აუცილებლად მიმაჩნია. ვისთანაც ხმა მიმიწვდება, ყველას ვურჩევ, რომ გაჰყვეს ამ წესს, რომელიც არ არის ვინმე ერთი მეცნიერის ან თუნდაც ფირმის წარმომადგენლის ახირება. ესაა მეცნიერულად დადასტურებული, ძალიან დიდი მოცულობის კვლევებზე დამყარებული გადაწყვეტილება. ასე რომ, ვფიქრობ, ვაქცინაციის პროცესში ბუსტერის დოზას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

დატოვე კომენტარი