ლევან გოფოძე აცხადებს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მფლობელობაში არსებული ძველი შენობის რეაბილიტაციის შედეგად, კლინიკას 200-300 საწოლი დაემატება
ლევან გოფოძე აცხადებს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მფლობელობაში არსებული ძველი შენობის რეაბილიტაციის შედეგად, კლინიკას 200-300 საწოლი დაემატება

ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) დირექტორი ლევან გოფოძე აცხადებს, რომ კლინიკის მფლობელობაში არსებულ ძველ შენობას რეაბილიტაცია უტარდება, რის შედეგადაც პაციენტებისთვის 200-300 ადგილი მოეწყობა.

მისივე თქმით, შენობაში პირველი რიგის სამუშაოები რამდენიმე კვირაში დასრულდება.

„ჩვენთან მიმდინარეობს განახლება ძველი შენობის, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში იყო მიტოვებული და ასე ვთქვათ, დანგრეული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის, მთელი ქვეყნისთვის, რადგან დაემატება ახალი საწოლები, რომლებიც დაეხმარება ჩვენს თანამოქალაქეებს, ვისაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, რათა დაძლიონ ეს დაავადება. ჩვენ ამჟამად დაახლოებით 130-მდე პაციენტს ვემსახურებით და საუბარია, რომ დაახლოებით 200-300 ადგილი უნდა დაემატოს, გააჩნია რეკონსტრუქციის მასშტაბს. ეს საკმაოდ ბევრია საწოლფონდის თვალსაზრისით და მნიშვნელოვნად შეეშველება ჰოსპიტალურ სექტორს. დაახლოებით რამდენიმე კვირაში წესით პირველი რიგის სამუშაოები უნდა დამთავრდეს“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.