ლევან გოფოძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის დროს ე.წ. პლაზმის მეთოდი საქართველოში ჯერ არ გამოუყენებიათ
ლევან გოფოძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის დროს ე.წ. პლაზმის მეთოდი საქართველოში ჯერ არ გამოუყენებიათ

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, მათ კლინიკაში მოთავსებულ კოვიდინფიცირებულ პაციენტს განსაკუთრებული მეთოდით არ მკურნალობენ.

მისი განმარტებით, თუ პაციენტს აღენიშნება მაღალი ცხელება, მკურნალობენ ტემპერატურის დამწევი მედიკამენტებით, ასევე, სითხეებით, როგორც ეს სხვა ვირუსული ინფექციის შემთხვევაში ხდება.

„ინფიცირებულ პაციენტებს ჩვენ ვმკურნალობთ იმ პროტოკოლის მიხედვით, რომელიც გვაქვს. პლაქვენილთან დაკავშირებით თუ მეკითხებით, ჩვენ არ ვიყენებთ, რადგან
ჩვენი პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არ საჭიროებს რაიმე დამატებით ანტივირუსული მედიკამეტების გამოყენებას.

აქ არის წმინდა სიმპტომური მკურნალობა. თუ ცხელება აქვს, ვიყენებთ სიცხის დამწევს და უნდა გითხრათ, რომ ახლა ცხელებაც თითქმის აღარ აქვს, ყოველ შემთხვევაში მაღალი, რომელიც მოითხოვდეს სპეციალურად სიცხის დამწევს. დანარჩენი, ჩვეულებრივ, სითხით დატვირთვა, როგორც ვირუსულ დაავადებას ისე ვმკურნალობთ, რაიმე განსაკუთრებული ღონისძიება არ სჭირდება ამ პაციენტს“ ,-  განაცხადა ლევან გოფოძემ.

ლევან გოფოძემ ასევე ისაუბრა ე.წ. პლაზმის მეთოდის შესახებაც, რომელიც, მისი თქმით, საქართველოში ჯერ არ გამოუყენებიათ, თუმცა, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოშიც ეს საკითხი განიხილება.

მისი განმარტებით, პლაზმა გულისხმობს „კოვიდ 19“-სგან განკურნებული პაციენტის სისხლის გადასხმას ინფიცირებული პაციენტის ორგანიზმში, ვინაიდან განკურნებული პირის სისხლში ანტისხეულებია, რაც სამკურნალოდ გამოიყენება.

თუმცა, ლევან გოფოძის თქმით, პლაზმა შეიცავს გარკვეულ რისკებს, ამიტომ მას მიზანშეწონილად მიაჩნია ამ მეთოდის გამოყენება კრიტიკული პაციენტის შემთხვევაში, როცა მკურნალობის ყველა მეთოდი უკვე გამოყენებულია.

„ამ მეთოდზე ძალიან ბევრს კამათობენ. საზღვარგარეთაც არის რეკომენდაცია, რომ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იქნას გამოყენებული დონორების, ასე ვთქვათ, პლაზმა. რატომ? იმიტომ, რომ არავინ იცის, როგორ მოიქცევა ის. ამის გამოცდილება ძალიან მცირეა. გასულ კვირას გვქონდა ჩართვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებთან, ამაზე იქაც იყო საუბარი და მათაც კატეგორიულად გაგვაფრთხილეს და გვირჩიეს, რომ ეს ჯერ არ არის სამკურნალო მეთოდად მიღებული, ეს არის ჯერჯერობით ცდის ეტაპზე. ამიტომაც ძალიან რთულია ვთქვათ რაიმე პოზიტიური ან ნეგატიური ამ მეთოდის მიმართ. ჯანდაცვის სამინისტროსთან კლინიკური ჯგუფია შექმნილი, რომელშიც გაერთიანებულია ბევრი გამოცდილი ექიმი, მათ შორის ბატონი თენგიზი და მუდმივად ხდება ამის განხილვა. მე რაც ვიცი, ჩვენ არ გვქონია ასეთი სიტუაცია ჯერ, რომ ასეთი პლაზმა გამოგვეყენებინა. ეს არის წმინდა სამეცნიერო-სამედიცინო საკითხი, რომელიც ჯერ დამუშავების პროცესშია და რაიმე რეკომენდაცია ვინმეს მიმართ, რომ ვთქვათ, აი, თქვენ რატომ არ გამოიყენეთ ან რატომ იყენებთ, ასეთი რამ არ არსებიბს, ჯერჯერობით არც საერთაშორისო დონეზე“ , –  განაცხადა ლევან გოფოძემ.