ლევან გიგინეიშვილი - დამოუკიდებლობის დღეს პრემიერის გამოსვლა იყო ძალიან კარგი, მკაფიოდ გამოთქმული სურვილი, რომ მიგვიღეთ ევროკავშირში, ამასთან პრეზიდენტის გამოსვლა კი დისონანსური იყო
ლევან გიგინეიშვილი - დამოუკიდებლობის დღეს პრემიერის გამოსვლა იყო ძალიან კარგი, მკაფიოდ გამოთქმული სურვილი, რომ მიგვიღეთ ევროკავშირში, ამასთან პრეზიდენტის გამოსვლა კი დისონანსური იყო

დამოუკიდებლობის დღეს პრემიერის გამოსვლა იყო ძალიან კარგი, პრეზიდენტის გამოსვლა ძალიან დისონანსში მოვიდა ამასთან და ვფიქრობ, ეს არ იყო შესაფერისი, – ამის შესახებ ფილოლოგმა ლევან გიგინეიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„დამოუკიდებლობის დღეს პრემიერის გამოსვლა იყო ძალიან კარგი – ევროპისკენ სწრაფვა, მშვიდობა, მკაფიოდ გამოთქმული სურვილი, რომ მიგვიღეთ ევროკავშირში, დიდი სურვილი გვაქვს ამის, კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ევროკავშირი და ნატო და ასეთი რაღაცები. ძალიან კარგი პათოსი იყო და ამასთან  პრეზიდენტის გამოსვლა დისონანსური იყო, დისონანსში მოვიდა და ვფიქრობ, არ იყო ეს შესაფერისი. შესაძლოა, ასეთი გამოსვლა საპარლამენტო დებატებში ყოფილიყო მისაღები, მაგრამ ასეთ ლამაზ დღეს, როცა სიტყვა ითქვა ისეთი, სადაც ძალიან მკაფიოდ გამოითქვა, რომ საქართველოსთვის ევროპა მართლა კარგია, რომ ეს არის დიდი ოცნება, რაც ქართველს აქვს, გახდეს დიდი ევროპული ოჯახის წევრი და ა.შ., ამაში გამოსაკიდი არაფერი არ იყო. პირიქით, შეიძლება, მხოლოდ მოგწონებოდა და ამასთან ასე მკაფიოდ დაპირისპირებაში მოსვლაში ვერ დავინახე რაღაც რაციონალობა“, – განაცხადა გიგინეიშვილმა.

მისი თქმით, პრეზიდენტის ასეთი გამოსვლა საქართველოს ანტირეკლამაა.

„ამას ხომ ისმენენ ევროპელები, მაგალითად, ევროპარლამენტარი და ფიქრობს, აჰა, ე.ი. მართლა რაღაც არის, გულწრფელი არ არის საქართველოს მთავრობა, პრეზიდენტმა ხომ იცის და ა.შ. მაშინ, ეს ძალიან მძლავრი ანტირეკლამა გამოდის და შეიძლება, ეს მართლაც არ უწყობდეს ხელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ათი დეპუტატიც თუ სხვადასხვა აზრზე დადგა, შეიძლება, ამან გამოიწვიოს ამ არჩევანის ისევ ჩავარდნა, მთელი თავისი შედეგებით“, – განაცხადა გიგინეიშვილმა.

როგორც გიგინეიშვილმა აღნიშნა, რადიკალურ ოპოზიციას აწყობს, თუ კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი ჩავარდა.

„რადიკალურ ოპოზიციას აწყობს ეს, მის წისქვილზე ასხამს წყალს. ვფიქრობ, მათ სურთ, საქართველო არ მიიღონ კანდიდატად, ამით გავლენა მოახდინონ შიდა პოლიტიკურ პროცესებზე და რევოლუციური პროცესები დაიწყონ. ამას ღიადაც ამბობენ“, – აღნიშნა გიგინეიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას გაცხადებული აქვს, რომ საქართველოს სურვილია, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, რაც პრემიერ-მინისტრის სიტყვაში ძალიან მკაფიოდ იყო გამოხატული.

„საქართველოს მთავრობას ძალიან დასწყდა გული, რომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. როგორ შეიძლება, პრორუსული იყო და თან გული დაგწყდეს ამის გამო? ეს აბსურდია, ორივე ერთად ვერ მოთავსდება, ან ერთია, ან მეორე. ვფიქრობ, საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებას რეალურად უნდა და ძალიან გაუხარდება, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგვცენ. ეს პრემიერის სიტყვაში ძალიან მკაფიოდ იყო გამოხატული. თან, ეს მარტო ერთი ხელისუფლების იდეა არ არის, ეს არის ზოგადად ქართველი ერის დიდი არჩევანი, განსაკუთრებით, მე-19 საუკუნიდან მოყოლებული“, – განაცხადა გიგინეიშვილმა.

გიგინეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მცდარია განცხადებები, თითქოს საქართველოს ხელისუფლება ევროპის წინააღმდეგ საუბრობს.

„ეს არ არის სწორი. კონკრეტული ევროპარლამენტარების წინააღმდეგ ამბობს და უნდა თქვას კიდეც, როცა ის ცილს გწამებს. აბა, ხმას ხომ არ გაიკმენდ? უნდა თქვა, როცა ბატონი კუბილიუსი თუ ფოტიგა რაღაცას იტყვის, არაფერზე დაფუძნებულს და ტყუილად გაგაკრიტიკებს. ევროკავშირიდან რა ხმაც მოდის, ყველაფერი მონურად კი არ უნდა მიიღო, შენ ხომ შენი აზროვნება გაქვს? ევროპა, აზია, აფრიკა, ამერიკა, ამ სიტყვებზე უფრო მაღლა დგას ლოგიკური აზროვნება, ჭეშმარიტება, ფაქტები, რა არის მართალი და რა ტყუილი. ევროპელი კი არ ამბობს იმას, მეფე შიშველია, ანდერსენის მოთხრობაში, ადამიანი ამბობს ამას და ადამიანობა ყველაფერზე მაღლაა, ევროპელობაზეც და აზიელობაზე მაღლაც. ჰანს ქრისტიან ანდერსენის „მეფე შიშველია“ რომ აფრიკელმა წაიკითხოს, რა, ნაკლებად გაიგებს? ეს ზოგადსაკაცობრიოა და ფაქტებზეა აგებული ლოგიკური მსჯელობა. თუ ფაქტებზე აგებული ლოგიკური მსჯელობით რაღაცას არასწორს გეუბნებიან, ხმა უნდა გაიკმინდო? ევროპელი თუ იტყვის რაღაცას, ამიტომ პოლიტბიურომ გითხრა და ხმა უნდა გაიკმინდო, თუ რა? მონურად არ უნდა იყო, არც ევროკავშირის წარმომადგენელთან არ უნდა იყო მონურად და არც არავისთან. თუ ის კარგს გეუბნება, უნდა მიიღო, ხოლო თუ არასწორს ამბობს, უნდა უთხრა, რომ არასწორს ამბობს; თუ ის უსინდისოდ გაკრიტიკებს, უნდა უთხრა, უსინდისოდ მაკრიტიკებო. ეს ჩვეულებრივი ამბავია. თანასწორი თანასწორს უნდა ელაპარაკო. ის კი არა, რასაც ჩამძახებ, იმას ამოგძახებ. ჭური ხომ არ ვართ? თავისუფალი უნდა იყო, თავისუფალი უნდა შეხვიდე ევროპაში და არა – მონა“, – განაცხადა გიგინეიშვილმა.

ამასთან, ლევან გიგინეიშვილმა აღნიშნა, რომ ევროპელობა არის პიროვნების ჩამოყალიბება დამოუკიდებელი კრიტიკული აზროვნების სივრცეში, პასუხისმგებლობა, რომ შენ თვითონ ჩამოყალიბდე, იტრიალო შენი ღერძის გარშემო და პირდაპირი დამოკიდებულება დაამყარო ჭეშმარიტებასთან.

„შენ ხარ უნიკალური არსება სამყაროში, შენნაირი არც მანამდე ყოფილა და არც მერე განმეორდება. დააფასე ეს შენი უსასრულოდ მნიშვნელოვანი უნიკალურობა, ამ უნიკალურობაში აღმოაჩინე შენი ხმა, ჭეშმარიტების შენი კრიტერიუმი და სხვის დუდუკზე არ დაუკრა. არ გეშინოდეს სირცხვილის, რომ ვიღაც შეიმინგის ზონდერჯგუფები შეგარცხვენენ შენი აზრის გამოთქმისთვის. იყავი თავისუფალი მოაზროვნე და ვაჟკაცურად მოაზროვნე. კი, თავსლაფს დაგასხამენ ისინი, ვინც ეს არ გააკეთა და შენი შურს, მაგრამ შენ ასეთი უნდა იყო. ნამდვილი ევროპელობა ეს არის. ეს არის ის ევროპელობა, რასაც ქადაგებდნენ ილია, ვაჟა და ჩვენი განმანათლებლები. ასეთი უნდა ვიყოთ დღესაც“, – განაცხადა ლევან გიგინეიშვილმა.