ლევან გიგინეიშვილი - არჩევნებზე იმიტომ თუ არ მიდიხარ, რომ პოლიტიკური ცხოვრება არ გაინტერესებს, უპასუხისმგებლო პოზიციაა, მერე ისეთ რეალობას მიიღებ, რომელიც თავად არ მოგეწონება
ლევან გიგინეიშვილი - არჩევნებზე იმიტომ თუ არ მიდიხარ, რომ პოლიტიკური ცხოვრება არ გაინტერესებს, უპასუხისმგებლო პოზიციაა, მერე ისეთ რეალობას მიიღებ, რომელიც თავად არ მოგეწონება

არჩევნებზე თუ იმიტომ არ გადიხარ, რომ პოლიტიკური ცხოვრება არ გაინტერესებს, რომ ყველა ერთია და ა.შ, ეს უპასუხისმგებლო პოზიციაა და მერე ისეთ რეალობას მიიღებ, რომელიც თავად არ მოგეწონება, – განაცხადა ფილოლოგმა, ლევან გიგინეიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“.

„ახლა სკოლაში „ჯაყოს ხიზნებს“ გავდივართ და იქ თეიმურაზ ხევისთავს ეს ყველაფერი რატომ ემართება?! იმიტომ რომ არ აანალიზებს, მის ცხოვრებაში რაღაც ხდება და არ უყურებს. რაღაც უსიამოვნებები ერთხელ გაუშვა, მეორედ და მერე ეს უსიამოვნებები ისეთ რამედ იქცა, რასაც ვეღარ ერევა. მოქალაქეობა პრივილეგიაა, რომელსაც დამსახურება უნდა. ეს დიდი მოვალეობებია და უპასუხისმგებლობა ცუდი პოზიციაა“, – განაცხადა გიგინეიშვილმა.

გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ანალიტიკოს ტატო ხუნდაძის შეკითხვაზე, რამდენად სწორია ღარიბი ადამიანებისთვის იმის მოთხოვნა, რომ არსებული ძალადობის წინააღმდეგ ხმა აღიმაღლონ და აქტიურები იყვნენ იმ ვითარებაში, როცა მათ საჭიროებებს არც ერთი პოლიტიკური ძალა არ პასუხობს, ლევან გიგინეიშვილმა განაცხადა, რომ ექვსი წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ თავი გაზულუქებულ ვითარებაში ჩაიგდო, რადგან მათი ოპონენტი ისეთი ძალა იყო, რომელიც მხეცობებს სჩადიოდა და ჩათვალა, რომ ხალხი მათ მაინც არ აირჩევდა, მაგრამ საზოგადოებამ წარსული აუცილებლად უნდა გადააფასოს.

„მათ ჩათვალეს, რომ თავი ქუდში ჰქონდათ და შეეძლოთ, შედარებით პასიური ყოფილიყვნენ. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერში პასიური იყვნენ. მათ რაღაცები გააკეთეს – ძალიან მნიშვნელოვანი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რითაც ადამიანებმა ოპერაციები გაიკეთეს და ამით უამრავი ხალხი გადარჩა, იგივე C ჰეპატიტის პროგრამა, ლტოლვილებისთვის სახლების აშენება და ა.შ, მაგრამ როგორც ჩანს, გაცილებით მეტი უნდა გაკეთებულიყო“, – განაცხადა გიგინეიშვილმა. 

მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ შემდეგი ეტაპი ძალიან დიდი გამოცდა იქნება, რადგან ახლა, ხალხი მათ მხარს უფრო იმისთვის უჭერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება არ უნდა, შემდეგში კი უნიათობას აღარ აპატიებს.

შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ გადააზრება პოზიტიური დღის წესრიგისა და ალტერნატივის გარეშე, ლევან გიგინეიშვილმა აღნიშნა, რომ ამის გადაფასებას ალტერნატივა არ აქვს.

„ამ მოვლენების შეფასება ყველა დონეზე უნდა მოხდეს, მათ შორის, ფართო დისკუსიების შედეგად. ამის შეფასება და საერთო კატეგორიამდე მისვლა ადვილია. ეს ქართველებს მით უმეტეს არ უნდა გვიჭირდეს, რადგან მე-4 საუკუნიდან ქრისტიანი ხალხი ვართ და ვაჟა ფშაველა გვყავს. არ შეიძლება, ეს სალაპარაკო გახდეს“, – განაცხადა გიგინეიშვილმა.

მისი თქმით, ნულია იმის შანსი, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ სხვანაირად მოიქცევა, ვიდრე ცხრა წლის განმავლობაში იქცეოდნენ, რადგან სინანულს არც ერთი მათგანი არ გამოხატავს.