ლევან ღვინჯილია - გიგი უგულავა მექრთამეობის გამო ციხეში რომ გაუშვეს, ამის გამო მერია ხომ არ გაუუქმებიათ
ლევან ღვინჯილია - გიგი უგულავა მექრთამეობის გამო ციხეში რომ გაუშვეს, ამის გამო მერია ხომ არ გაუუქმებიათ

ის, რაც გიგი უგულავამ ჩემი და ენის პალატის ყოფილი თანამშრომლების მიმართ იკადრა, უნამუსობაა, – განაცხადა ენის პალატის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ღვინჯილიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას

ლევან ღვინჯილია გიგი უგულავას მიერ ენის პალატის გაუქმებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.

„იმის შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ენის პალატის, სახელმწიფო ენის დამდგენი კომისიის, პარლამენტის ქვეკომიტეტებისა და ტელე–რადიოგადაცემების გაუქმებით წაახდინა, თქვენს გადაცემაში გამოვიდა გიგი უგულავა და ასეთი რამე იკადრა, რომ თურმე, მან და მისმა გუნდმა სამსახური იმიტომ გააუქმეს, რომ იქ ქრთამს იღებდნენ. ანუ, ლევან ღვინჯილია და მისი გუნდი მექრთამეები იყვნენ. შე დალოცვილო, მექრთამეობის გამო ციხეში რომ გაგიშვეს, ამის გამო მერია ხომ არ გაუუქმებიათ?! თუ ამ სამსახურის თანამშრომლები მექრთამეები იყვნენ, უნდა დაგეჭირათ. რაკი ეს იცოდი და საჯაროდ ახლა გამოამზეურე, გამოდის, დანაშაული დაგიფარავს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია“, – განაცხადა ლევან ღვინჯილიამ. 

ლევან ღვინჯილიამ გადაცემაში ქვეყნის პრემიერსაც მიმართა.

„მინდა, პრემიერ-მინისტრს მივმართო, რომელმაც ერთ–ერთ განცხადებაში აღნიშნა, რომ კანონის ზემოთ დადგომის უფლებას არავის მისცემს და ქვეყანაში სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები უნდა აღზარდონ. მე მას ეს პირადად რამდენჯერმე მივწერე, მაგრამ ახლა ვირტუალურადაც ვკითხავ – კანონი ენის სახელმწიფო დეპარტამენტის შექმნას და თავმჯდომარის დანიშვნას ითვალისწინებდა არაუგვიანეს 2016 წლის იანვრისა და რატომ არ გააკეთა ეს კანონმორჩილმა პრემიერმა 2016 წელს? რატომ ამოიღო 2016, 2017–ისა და 2018 წლის ბიუჯეტიდან ენის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის განსაზღვრული თანხა?! მე მგონი, ეს იმიტომ მოხდა, რომ დღეს სახელმწიფო ენის ჯეროვნად მოვლა–დაფასება ვიღაცას არ უნდა“, – განაცხადა ლევან ღვინჯილიამ.