ლევან დოლიძე - მთავარი აქცენტი უნდა გავაკეთოთ არა ნატო-ში გაწევრიანების ეტაპებსა და პროცედურებზე, არამედ - უსაფრთხოების მექანიზმების გაძლიერებაზე
თუ მოვახერხებთ, რომ ახალი გადაწყვეტილებებით ნატო-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა გაძლიერდეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედეგები იქნება მიღწეული, – ამის შესახებ საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის დირექტორმა, ნატო-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ლევან დოლიძემ პირველ არხს ბერლინში, ნატო-ს სამიტის მოლოდინებზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, აქცენტი უნდა გააკეთდეს არა ალიანსში გაწევრიანების ეტაპებსა და პროცედურებზე, არამედ – უსაფრთხოების მექანიზმების გაძლიერებაზე და ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღწევაზე, რომ საქართველო მიიწვიონ ალიანსში.
„2014 წელს ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში გაჩნდა ახალი ჩანაწერი, რომელიც შემდგომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა და რომელმაც შექმნა გარკვეული ბუნდოვანება იმის შესახებ, რამდენად სჭირდება საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. ამის შემდეგ ნატო-ს დეკლარაციაში კიდევ აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს სიცხადის შეტანა იმაში, რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი და საქართველოსთვის შემდეგი ნაბიჯია ალიანსში გაწევრიანება.
მთავარი აქცენტი უნდა გავაკეთოთ არა ეტაპებსა და პროცედურებზე, არამედ – უსაფრთხოების მექანიზმების გაძლიერებაზე, იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღწევაზე, რომ საქართველო მიიწვიონ ალიანსში. ეს არ გულისხმობს იმას, რომ ამის მიღწევის პერსპექტივა ამ სამიტზე არსებობს, თუმცა ამ სამიტზე უნდა შევეცადოთ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ აღქმები, რაც მომავალში ხელს შეგვიწყობს. თუ გავაძლიერებთ აღქმას, რომ არამხოლოდ პრაქტიკული, არამედ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად, თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ ახალი გადაწყვეტილებებით გაძლიერდეს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ნატო-სა და საქართველოს შორის, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედეგები იქნება მიღწეული“, – განაცხადა ლევან დოლიძემ.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს საკითხი ალიანსის დღის წესრიგში აქტიურად დადგეს არა მხოლოდ ინდივიდუალურად საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობებში, არამედ რეგიონალური უსაფრთხოების კუთხით.
ბრიუსელში ნატო-ს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება. საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს. ამ საპრეზიდენტო ვადაში ეს მარგველაშვილის ბოლო სამიტია.