ლევან დოლიძე -  2 ოქტომბრის არჩევნები იყო ნამდვილად არასამართლიანი, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს არ მიეცათ თავიანთი პოლიტიკური ნების გამოხატვის საშუალება
ლევან დოლიძე - 2 ოქტომბრის არჩევნები იყო ნამდვილად არასამართლიანი, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს არ მიეცათ თავიანთი პოლიტიკური ნების გამოხატვის საშუალება

ეს იყო ნამდვილად არასამართლიანი არჩევნები, რომლის ფარგლებშიც ჩვენს თანამოქალაქეებს არ მიეცათ თავიანთი პოლიტიკური ნების გამოხატვის საშუალება, – ამის შესახებ პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, ლევან დოლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი აისახა ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებში“, – განაცხადა დოლიძემ.

ლევან დოლიძემ ასევე აღნიშნა, რომ თუ 2 ოქტომბრის არჩევნებმა რამე გაახსენა, ეს არის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, როცა ხდებოდა სატელიტური თეფშების დაპატიმრება, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა დაპატიმრება, მათზე ძალადობა და ა.შ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად სწორი და მართებულია დღევანდელი არჩევნების 2012 წლის არჩევნებთან შედარება, ლევან დოლიძემ განაცხადა, რომ რაღაც მიმართულებით ზეწოლის ფაქტები უფრო ბრუტალური იყო, მაგრამ მეორე მხრივ, დღევანდელ არჩევნებზე სახეზე იყო წარმოუდგენელი მასშტაბის მოსყიდვის მცდელობა და რეალიზებული ფაქტები.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, აღიარებს თუ არა პარტია არჩევნების შედეგებს, დოლიძემ აღნიშნა, რომ მათ გადაწყვიტეს, საკითხს სამართლებრივად მიუდგნენ და შესაბამისად, ამ ყველაფერზე სამართლებრივი პასუხი მოითხოვონ.

მისი თქმით, ამ მძიმე ფონის მიუხედავად, პარტიას „გახარია – საქართველოსთვის“ ადგილობრივ ხელისუფლებაში, საკრებულოების დონეზე წარმომადგენლები ფაქტობრივად, ყველა რეგიონში ჰყავს, რაც პარტიას საშუალებას აძლევს, დაიწყოს რეეგიონებში კონკრეტული ცვლილებები, მოახდინოს ადგილობრივი ბიუჯეტის კონტროლი, მეტი ფოკუსირება მოქალაქეებზე და პოლიტიკურად ეს გამოიყენოს ეტაპობრივად, ცენტრალურ დონეზე ხელისუფლების ცვლილებისთვის.

შეკითხვაზე, საით მიიმართება პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ მხარდამჭერთა ხმები არჩევნების მეორე ტურში, ლევან დოლიძემ განაცხადა, რომ პარტიის ამომრჩევლებმა მიიღეს გადაწყვეტილება და არ უნდათ არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“.

„მათ თქვეს, ჩვენ არ გვინდა არც ერთი და არც მეორე, გვინდა სიახლე ქართულ პოლიტიკაში, რომელიც ორიენტირებულია არა მტრობასა და ძალადობაზე, არამედ მიღწეული შედეგების შენარჩუნებასა და უკეთესის შექმნაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ახლა ვუთხრათ, ადექით და არჩევანი ცუდსა და უარესს შორის გააკეთეთ, არკვიეთ, ვინ ცუდია და ვინ უარესი, არ იქნება სწორი პოლიტიკური გზავნილი ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა დოლიძემ.

შეკითხვაზე, მეორე ტურის წინ პარტიის ლიდერთა უმოქმედობა შეუწყობს თუ არა ხელს „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებას თუნდაც, თბილისში, დოლიძემ აღნიშნა, რომ ის ასე არ ფიქრობს.

„არა მგონია, მე ასე ნამდვილად არ ვხედავ. თუ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მოძლიერებას ვინმე ხელს უწყობს, ეს არის პირველ რიგში, სწორედ „ქართული ოცნება“, – განაცხადა ლევან დოლიძემ.