ლევან ჟორჟოლიანი – სინგაპურში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ბიზნესის კეთება საკმაოდ მარტივია, მიმზიდველია საინვესტიციო გარემო

14:18, 22.07.2026

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას.

ჟორჟოლიანის თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია სინგაპურის გამოცდილების გაზიარება.

„პრემიერ-მინისტრმა, ქართულ დელეგაციასთან ერთად, გამართა შეხვედრები სინგაპურის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან. საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, იმის მიუხედავად, რომ დიდია დისტანცია საქართველოსა და სინგაპურს შორის. ორივე ქვეყანა წარმოადგენს თავის რეგიონში ერთგვარ ფინანსურ და რეგიონულ ჰაბს. შესაბამისად, სინგაპურის გამოცდილება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ასევე, მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვა. სინგაპურში არის ძალიან განვითარებული ფინანსური ინსტიტუტები. ასევე, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა. შეხვედრა გვაქვს აგრეთვე ფინტექკომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც ეკონომიკის სამინისტრო გააკეთებს პრეზენტაციას იმასთან დაკავშირებით, როგორი საინვესტიციო კლიმატია საქართველოში. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ის ქვეყანა, სადაც ბიზნესის კეთება საკმაოდ მარტივია, ქვეყანა, სადაც გადასახადები არის საკმაოდ დაბალი, მიმზიდველია საინვესტიციო გარემო და ამას ემატება სტაბილური და მშვიდობიანი გარემო, რომელიც საქართველოშია შექმნილი, რაც მეტად აადვილებს ნებისმიერი უცხოური ინვესტიციის შემოსვლას“, – აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სინგაპურში იმყოფება. პრემიერ-მინისტრი სინგაპურში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში, ლევან ჟორჟოლიანთან ერთად, არიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი.

მსგავსი