ლევან ჟორჟოლიანი - შსს-მ დამატებით 42 ერთეული მაინერი ამოიღო სვანეთში, აქტიურად მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები და მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად ეთანამშრომლონ შსს-ს
ლევან ჟორჟოლიანი - შსს-მ დამატებით 42 ერთეული მაინერი ამოიღო სვანეთში, აქტიურად მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები და მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად ეთანამშრომლონ შსს-ს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამატებით 42 ერთეული ე.წ. მაინერი ამოიღო სვანეთში. ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები. ჩვენ, ასევე, მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად ეთანამშრომლონ შსს-ს აღნიშნული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის გამოვლენის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სვანეთში, მესტიაში 133 მლნ კვტ/სთ არის ელექტროენერგიის მოხმარება, რაც მსგავსი ზომის მუნიციპალიტეტისთვის შეუსაბამოა და სწორედ ამიტომ დადგა დღის წესრიგში აღნიშნული საპოლიციო ღონისძიებები.

„სვანეთში, მესტიაში 133 მლნ კვტ/სთ არის მოხმარება, რაც წარმოუდგენელია მსგავსი ზომის მუნიციპალიტეტისთვის, მაქსიმუმი არ უნდა აღემატებოდეს 7-10 მლნ კვტ/სთ-ს. შესაბამისად, დადგა დღის წესრიგში ის საპოლიციო ღონისძიებები, რომლებიც მიმდინარეობს და ამის ძირითადი წყარო არის სწორედ მაინერები. ჩვენი მიზანია, აღნიშნული სრულად იქნეს ამოღებული ამ ტერიტორიიდან“, – აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.