ლევან ჟორჟოლიანი – სექტემბრიდან გამოვაცხადებთ დაახლოებით 3 000 ვაკანსიას პრემიერის მიერ ინიცირებულ ანაზღაურებად სტაჟირებაზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახალი თაობა შემოვიდეს საჯარო სამსახურში
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი სისხლი, ახალი თაობა შემოვიდეს საჯარო სამსახურში. პირველი სექტემბრიდან გამოვაცხადებთ დაახლოებით 3 000 ვაკანსიას ანაზღაურებად სტაჟირებაზე, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, წინა წელს სტაჟირების მონაწილეთა თითქმის 50%-მა გააგრძელა სტაჟირება ან დასაქმდა სახელმწიფო უწყებაში, სადაც სტაჟირება გაიარა.
„ამ პროგრამით სრულიად ახალი თაობა, მოტივირებული ახალგაზრდები შემოდიან საჯარო სტრუქტურებში, რომლებიც უნდა ემსახურონ საკუთარ ქვეყანას, მიიღონ გამოცდილება, კვალიფიკაცია აიმაღლონ და მიიღონ მეტი ცოდნა. მერწმუნეთ, საჯარო სექტორში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ცხოვრების ყველა ეტაპზე, შეიძლება, მათ შორის, ბიზნესშიც გამოადგეთ ამ ახალგაზრდებს და ძალიან ვგულშემატკივრობთ ამ პროგრამას. ეს პრემიერის ინიციატივაა. ჩვენ მუნიციპალიტეტებს ვთხოვეთ, გაეზარდათ კვოტები სტაჟირების მიმართულებით, რათა უფრო მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარ რეგიონში გაიაროს ანაზღაურებადი სტაჟირება“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.