2030 წლისთვის საქართველოს მოსახლეობამ უნდა მიიღოს მზარდი ეკონომიკა, გაუმჯობესებული განათლება, უკეთესი ჯანდაცვის და სოციალური სერვისები და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უკეთესი მმართველობა, განსაკუთრებით, თვითმმართველობის დონეზე, მეტი დეცენტრალიზაცია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სტაბილური და მშვიდობიანი გარემო, ვინაიდან ამის გარეშე შეუძლებელია ამ მიზნების მიღწევა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა საქართველოსა და გაერო-ს შორის 2026-2030 წლების გაერო-ს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ლევან ჟორჟოლიანის თქმით, მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულება სრულად ემყარება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
„მინდა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელით, შევაჯამო საქართველოს მთავრობასა და გაერო-ს შორის არსებული თანამშრომლობა 2021-2025 წლების ფარგლებში და, ასევე, ვისაუბრო სამომავლო გეგმებზე. პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო გაერო-ს მთელ გუნდს 30-წლიანი მოღვაწეობისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში განახორციელეს. ასევე, მინდა, გაერო-ს მუდმივი კოორდინატორის ოფისს გადავუხადო დიდი მადლობა ძალიან აქტიური პარტნიორული თანამშრომლობისთვის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან. დღეს ხელი ეწერება ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს. ეს არის მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულება 2026-2030 წლების. ჩვენ ვფიქრობთ და გვწამს, რომ ყოველი ახალი თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს წინა გამოცდილებას. წინა გამოცდილება კი დაგროვდა 2021-2025 წლების ხელშეკრულების ძალიან კარგი ანალიზით, ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, ასევე იმ შეფასების ანგარიშებით, რომლებსაც ერთობლივად ვახორციელებდით, ვამზადებდით. ასევე, ჩვენ შევქმენით მაღალი დონის საბჭო, რომელშიც არიან გაერთიანებულები ყველა სამინისტროს თანამშრომლები. აქვე, მინდა, გამოვიყენო შესაძლებლობა და სამინისტროებს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა ამ პროცესში ჩართულობისთვის. მათ გარეშე, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნებოდა როგორც ამ დოკუმენტის მომზადება, ასევე აღსრულების მექანიზმი. სწორედ ამ ყველაფერმა, ამ მექანიზმებმა მოგვცა იმის საშუალება, მიგვეღო ჩარჩოდოკუმენტი, რომელსაც აქვს ოთხი ძირითადი მიმართულება. 2030 წლისთვის საქართველოს მოსახლეობამ უნდა მიიღოს მზარდი ეკონომიკა, გაუმჯობესებული განათლება, უკეთესი ჯანდაცვის და სოციალური სერვისები და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უკეთესი მმართველობა, განსაკუთრებით, თვითმმართველობის დონეზე, მეტი დეცენტრალიზაცია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სტაბილური და მშვიდობიანი გარემო, ვინაიდან ამის გარეშე შეუძლებელია ამ მიზნების მიღწევა. კიდევ ერთხელ, მინდა, გამოვარჩიო ეს დოკუმენტი, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტი სრულად ემყარება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. შესაბამისად, ყველა ის პროექტი, რომელიც განხორციელდება ამ ჩარჩოდოკუმენტის შესაბამისად, იქნება შესაბამისი საქართველოს ეროვნული ინტერესების. მინდა, მადლობა გადავუხადოთ გაერო-ს გუნდს, სააგენტოებს, ასევე სამინისტროებს აქტიური მონაწილეობისთვის. ვფიქრობთ, რომ ეს იქნება შედეგზე ორიენტირებული პროცესი, რომელიც რეალურ შედეგებს მოუტანს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.