ლევან ჟორჟოლიანი - ლევან ხაბეიშვილს ძალიან უყვარს პროკურატურაში სირბილი დაუსაბუთებელი ბრალდებებით, სერიოზულად პასუხის გაცემა ნამდვილად არ ღირს
ლევან ჟორჟოლიანი - ლევან ხაბეიშვილს ძალიან უყვარს პროკურატურაში სირბილი დაუსაბუთებელი ბრალდებებით, სერიოზულად პასუხის გაცემა ნამდვილად არ ღირს

ვაკეში სკამების შესაძენ სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია არის „ფეიკ ნიუსის“ კლასიკური სახე, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ლევან ჟორჟოლიანი თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლევან ხაბეიშვილს გამოეხმაურა, რომელმაც პროკურატურაში დედაქალაქის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ ორი საჩივარი დაარეგისტრირა.

„ლევან ხაბეიშვილს ძალიან უყვარს პროკურატურაში სირბილი დაუსაბუთებელი ბრალდებებით. ეს არის მათი დღის წესრიგი, მათი გარკვეული პიარის ნაწილი და ამაზე სერიოზულად პასუხის გაცემა ნამდვილად არ ღირს. ნაძვის ხე რატომ დგას თბილისში და რატომ დაჯდა ამდენი, არის ძალიან არასერიოზული. მგონი არ შეიძლება, რომ ახალი წელიც კი, პოლიტიზებული იყოს.

რაც შეეხება ტენდერს რომელიც გამოცხადდა ჭავჭავაძეზე სკამებთან დაკავშირებით, ეს არის „ფეიკ ნიუსის“ კლასიკური სახე, რადგან ჯერ არ არის გამოცხადებული ტენდერი. რამდენიმე სკამის სახეობაზე წინასწარ არის ფასთა კვლევა ჩატარებული, რის საფუძველზეც არის დადგენილი საწყისი ფასები, თუმცა შემდეგ კომპანიები უნდა შემოვიდნენ, ამიტომ ახლა წინასწარ საუბარი, მილანური, ჩინური, იაპონური თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის თუ ქალაქის კომპანია მოიგებს, არის ძალიან დიდი მცდარი ინფორმაცია. ამაზე სერიოზული საუბარი არ შეიძლება. მოგეხსენებათ, რომ ვაკესთან დაკავშირებით ჩვენ სერიოზული გეგმები გვაქვს, ჩავატარეთ რეაბილიტაცია და მომავალი წლიდან გავაგრძელებთ“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

ამასთან ლევან ჟორჟოლიანის თქმით, უპასუხისმგებლობაა, როდესაც ქალაქის ბიუჯეტის განხილვას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს.

„სასაცილოა, რომ ბოიკოტს უცხადებენ თბილისის ბიუჯეტს. ეს არის ხალხის ფული, რომელიც ისევ თბილისზე, მის ინფრასტრუქტურაზე, თბილისელების სოციალურ კეთილდღეობაზეა გათვალისწინებული. ამას ბოიკოტი გამოუცხადო ნიშნავს, რომ შენივე ქალაქს, რისი წარმომადგენლობის წევრიც ხარ და პასუხისმგებლობა გაქვს ამას უცხადებ ბოიკოტს. თბილისის მომავალი ბიუჯეტი არის რეკორდულად მაღალი. არის ძალიან დაბალანსებული, არის გათვალისწინებული სოციალური და ინფრასტრუქტურული საკითხები“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.