ლევან ჟორჟოლიანი - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საათობრივად ამოწმებს წყალს და თბილისს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სუფთა წყალი მიეწოდება
ლევან ჟორჟოლიანი - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საათობრივად ამოწმებს წყალს და თბილისს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სუფთა წყალი მიეწოდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საათობრივად ამოწმებს წყალს და დედაქალაქს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სუფთა წყალი მიეწოდება, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

საკრებულო უმრავლესობაში სიცრუე უწოდეს ხაბეიშვილის განცხადებას, რომ თბილისის ზღვაში ფეკალიები ჩაედინება და შესაძლოა, თბილისის დაბინძურებული სასმელი წყალი მიეწოდებოდეს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საათობრივად ამოწმებს წყლის ხარისხს, რომელსაც ის თბილისს აწვდის. შესაბამისად, თბილისს მიეწოდება სუფთა წყალი იმ სტანდარტების შესაბამისი, რომელიც დადგენილია საერთაშორისო ნორმებით. ამიტომ ყველანაირი საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის ზღვაში ჩაედინება ფეკალიები და თბილისელები ვსვამთ მოწამლულ წყალს, არის კიდევ ერთი სიცრუე და შესაძლებლობა ხაბეიშვილისთვის, თემა ააგოროს“, -განაცხადა ჟორჟოლიანმა.

რაც შეეხება ხაბეიშვილის განცხადებას, ვერეს ხეობაში გასხვისებულ ტერიტორიასთან დაკავშირებით, ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ეს ფართობი არ მდებარეობდა დატბორვის ზონაში, თუმცა იმის გამო, რომ მაინც მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის დაწყება, კომპანიებს ადგილმონაცვლეობის გზით მიწა უნივერსიტეტისა და იუსტიციის სახლის მიმდებარედ გადაეცემათ.

„აუქციონზე ჰქონდა ნაყიდი ორ შპს-ს მიწა, რომელიც არ არის ვერეს ხეობის დატბორვის არეალში. ეს არის მიმდებარე ტერიტორია. თავის დროზე, ზონალურ საბჭოს ჰქონდა დადებითი რეკომენდაცია, იქ განთავსებულიყო გასართობი ცენტრი და სასტუმრო, თუმცა მაინც მიჩნეულ იქნა, რომ იქ ყოველგვარი განვითარება არ არის მიზანშეწონილი. შესაბამისად, ორივე შპს-ს გავუკეთეთ მონაცვლეობა. ერთს მონაცვლეობით ვაძლევთ უნივერსიტეტის ქუჩაზე 3000 კვ.მს, რომელიც არის სპეციალურიზონა 1, სადაც ყოველგვარი მშენებლობა არ არის დასაშვები. იქ შეიძლება მხოლოდ უნივერსიტეტის, კოლეჯის, საავადმყოფოს მშენებლობა, ხოლო მეორე არის იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია 818 კვმ, სადაც K2 კოეფიციენტი შევუმცირეთ და ამაზეც დაგვთანხმდნენ“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.