ლევან ჟორჟოლიანი – არალეგალური კრიპტომაინინგი მესტიაში იწვევს პრობლემებს, მიღებულია გადაწყვეტილება, იდენტიფიცირების მიზნებისთვის დამონტაჟდეს მრიცხველები
მესტიაში ვხედავთ არალეგალურ ბიზნესსაქმიანობას, ეს უკავშირდება კრიპტომაინინგს. აღნიშნული იწვევს პრობლემებს. მიღებულია გადაწყვეტილება, იდენტიფიცირების მიზნებისთვის დამონტაჟდეს მრიცხველები, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, 2025 წლის მონაცემებით, მესტიაში 133 მილიონი კილოვატ საათი არის ელექტროენერგიის მოხმარება, რაც ასეთი ზომის მუნიციპალიტეტისთვის 10 მილიონ კილოვატ საათს არ უნდა აღემატებოდეს.
„ეს მნიშვნელოვან დაზიანებებს აყენებს ქსელს. ეს შედის შესაბამის ტარიფში და ფინანსური ზარალიც სახეზეა. შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება იდენტიფიცირების მიზნით მრიცხველების დამონტაჟების შესახებ, ასევე კონკრეტული მრიცხველები იქნება მიბმული კონკრეტულ დასახლებაზე, სოფელზე, რაც ჩვენ მოგცემს საშუალებას, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებს მიეცემა საშუალება იდენტიფიცირების იმ ადგილების, სადაც ხდება აღნიშნული უკანონო ბიზნესსაქმიანობა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ სამართალდამცავ ორგანოებს ამ ფაქტების გამოვლენაში“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობა იწყებს ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური საქმიანობის წინააღმდეგ ქმედით ნაბიჯებს და ამ მიმართულებით ერთ-ერთი გამოწვევა შეეხება უკანონო კრიპტომაინინგს მესტიაში.