ლევან ჟორჟოლიანი – 2025 წლის ივნისიდან მოქმედებს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, 2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, 118-მილიონიანი ეფექტია, საიდანაც 88 მილიონი ტენდერებიდან პირდაპირი ეკონომიებია

10:28, 13.07.2026

2025 წლის ივნისიდან მოქმედებს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი. მარტო 2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, 118-მილიონიანი ეფექტია, საიდანაც 88 მილიონი ტენდერებიდან პირდაპირი ეკონომიებია, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეფექტიანობის დეპარტამენტმა შეიმუშავა შესყიდვების კანონში ცვლილებები, შესყიდვების სააგენტოსთან ერთად.

„2025 წლის ივნისიდან მოქმედებს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც უნისონში მუშაობს მთავრობის ადმინისტრაციის ბაზრის კვლევის, შესყიდვების დეპარტამენტთან ერთად და მათი მუშაობის ეფექტი არის ძალიან დიდი. მარტო 2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებს გეტყვით, ეს არის 118-მილიონიანი ეფექტი, საიდანაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 88 მილიონი ტენდერებიდან პირდაპირი ეკონომიებია, რომელიც უშუალოდ დეპარტამენტის ჩართულობით მოხდა.

ასევე ჩვენ გვაქვს შემოწმებები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, საიდანაც რამდენიმე ათეული მილიონის დაზოგვა მოხდა. ჩვენ ამას აქტიურად ვაგრძელებთ. ასევე, მხოლოდ რეალურ დროში აუდიტით რომ არ იყოს შემოფარგლული ეფექტიანობის დეპარტამენტი,  გვინდა, მაქსიმალურად გავაძლიეროთ სარეკომენდაციო მიმართულებები, ანუ მივცეთ უწყებებს გარკვეული მიმართულებები, სად იქნებიან უფრო ეფექტიანები, რომ საერთოდ ჩარევა არ მოგვიწიოს, წინასწარ დავაზღვიოთ, მათ შორის, ესეც.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეფექტიანობის დეპარტამენტმა შეიმუშავა შესყიდვების კანონში ცვლილებები, შესყიდვების სააგენტოსთან ერთად. ჩვენი ჩართულობით ამოქმედდა ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანო, რომელიც კიდევ უფრო მეტად დააზღვევს კორუფციულ რისკებს. ამ მიმართულებით და ნახევარი მილიონის ზღვრის ზევით შესყიდვა წავიდა ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოში“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

ჟორჟოლიანის თქმით, კარგად მუშაობს ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდულიც, რომელმაც „შეძლო ოთხი მილიარდის შესყიდვების ბაზრის კვლევის აწევა, საიდანაც 75% დასრულდა დადებითი შედეგით“.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეფექტიანობის დეპარტამენტმა და სამხარაულმა, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან აქტიური ჩართულობით, დაადგინა ფასები. სამშენებლო ფასები, რომელიც ყოველთვის პრობლემური იყო 35 წლის განმავლობაში, ეს იყო სერიოზული აქილევსის ქუსლი ქვეყნისთვის, რადგან ინფრასტრუქტურაზე არის პირდაპირ დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, წარმატება, ზრდა. ამ მიმართულებით როდესაც სამშენებლო ფასებში არის გაურკვევლობა, დიდ პრობლემებს ქმნიდა ხოლმე, მაგრამ სამხარაულმა ძალიან კარგად იმუშავა. მათ დაადგინეს არა მარტო ხელფასები, რაც ბიზნესს ძალიან აწუხებდა კონკრეტული პროექტის შედგენის, ხარჯთაღრიცხვის შედგენის დროს, არამედ აქ საუბარია მასალებზე, მანქანა-მექანიზმებზე და ყველა იმ მიმართულებაზე, რომელიც შეიძლება, მშენებლობას შეეხოს“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მსგავსი